ვეტერანმა ფრანგმა მეკარემ, სებასტიან ფრეიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი ნაკრებში იტალიელების სიძულვილის გამო არ იძახებდა.
„მან საფრანგეთის ნაკრებს ჩამომაცილა, რადგან იტალიელები სძულდა და მე იტალიაში ვთამაშობდი. პირდაპირ მითხრა, რომ არ სურდა ჩემი გამოძახება, რადგან იტალიაში ვთამაშობდი“, - თქვა ფრეიმ.
სებასტიან ფრეიმ 1998-2013 წლებში იტალიაში „ინტერის“, „ვერონას“, „პარმას“, „ფიორენტინას“ და „ჯენოას“ რიგებში ითამაშა, კარიერა კი 2015 წელს „ბურსასპორში“ დაასრულა. საფრანგეთის ნაკრებში მან მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა.
რაიმონ დომენეკის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა 2006 წელს იტალიასთან მუნდიალის ფინალი წააგო, ხოლო 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე „სკუადრა აძურასთან“ წაგების შედეგად ჯგუფში ჩარჩა. ფრეი არც ერთ ხსენებულ ტურნირზე ფრანგების განაცხადში არ იყო.