ნორვეგიის ნაკრების მცველმა ლეო ოსტიგორმა, რომელიც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, საქართველოსთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. მან ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა კომენტარი და თამაშზეც.
„კარგი თამაში იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც კარგი მოთამაშეები ჰყავს და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა პირველ ტაიმში კონტრშეტევებზე. ვიცოდით, რომ შეტევაში სახიფათო ფეხბურთელები ჰყავდათ, კვარა და სხვა თავდამსხმელები. თუმცა ჩვენ კარგი გოლები გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ ეს ადვილი არ იყო.
მე და ხვიჩა კარგი მეგობრები ვართ, ვილაპარაკეთ იმ დარტყმაზე, რომელიც მას დავუბლოკე, ამით დიდად გახარებული არ იყო (იღიმის - რედ). ნეაპოლში ერთად ვბრუნდებით, გვინდა, რომ მომდევნო მატჩები კარგად ჩავატაროთ, რადგან კლუბშიც მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. კვარაცხელია ტოპფეხბურთელია, შარშან სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა და რაც გასულ სეზონში გააკეთა, წარმოუდგენელია. შეიძლება ყველა თამაშში ვერ გაიტანო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, კვარა ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია და გვიხარია, რომ ჩვენი თანაგუნდელია. დარწმუნებული ვარ, მის საოცარ თამაშს ამ სეზონშიც ვიხილავთ, კვარასნაირი დონის ფეხბურთელი ბევრი ნამდვილად არ არის“, - თქვა ოსტიგორმა.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.