ფეხბურთი

10:24 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან ამ გუნდს რესურსი აქვს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოლდოვასთან მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდში რესურსია და ეცდებიან, რომ ეს რესურსი სწორედ გამოიყენონ, რათა ჯგუფის ფავორიტ გუნდებს კონკურენცია გაუწიონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო ჩვენთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და სასიხარულოა, რომ მოვახერხეთ გამარჯვება. თამაშში იყო ძალიან კარგი ეპიზოდები, ასევე იყო ეპიზოდები, როცა ცოტა არეულები ვიყავით, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია.

ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო, ფეხბურთელები ეცნობიან ჩვენს ფილოსოფიას, ეცნობიან თუ რას ვითხოვთ მათგან, ჩვენ ვეცნობით ფეხბურთელებს. თუ ამ ჭრილში განვიხილავთ, რომ პირველი შეკრება იყო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორ მატჩში 6 ქულა მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია.

მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ იმ მიზეზის გამო, რომ დროის გასვლასთან ერთად ეს გუნდი უფრო შეთამაშდება, არის რესურსი და ვეცდებით, ეს რესურსი ისე გამოვიყენოთ, რომ ჩვენს ჯგუფში ფავორიტ გუნდებს სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ“.

ჯადული იობაშვილი: „რთული თამაში გამოვიდა, რასაც ნამდვილად ველოდებოდით, მაგრამ საბედნიეროდ გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით, ჩემთვის ყველა გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკრების მაისურით გატანილ გოლზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამ შედეგს ვიმსახურებდით“.

ოთარ მამაგეიშვილი: „პირველი შეკრება იყო, მთავარი შედეგი იყო და 6 ქულა მოვიპოვეთ. ახალი დაკომპლექტებული გუნდი ვართ და პირველი მისია მინიმუმი შევასრულეთ, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს. მეტოქე ყველანაირად დავჩაგრეთ და რაც მთავარია, მოვიგეთ, მადლობა ბიჭებს და აქ ჩამოსულ გულშემატკივარს“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფს ნიდერლანდებთან ერთად 6 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 12 ოქტომბერს, სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან.

0.112702