ფეხბურთი

1:21 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის სადებიუტო გამარჯვება იტალიის ნაკრებში, ესპანეთმა ქეცბაიას კვიპროსიც გაანადგურა

ლუჩანო სპალეტის სადებიუტო გამარჯვება იტალიის ნაკრებში, რითაც „სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონატისკენ მიბრუნდა, თუმცა, ჯერ მთავარი და ურთულესი ბრძოლები წინ აქვს.

იტალიამ კონკურენტ უკრაინას მილანში 2:1 მოუგო. მატჩის გმირი დავიდე ფრატეზი იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. ზოგადად, სპალეტის გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და უფრო დიდი სხვაობით მოგებასაც იმსახურებდა.

იტალიას და უკრაინას 7-7 ქულა აქვთ, შესაბამისად მეორე ადგილისთვის იბრძვიან. იტალიისთვის კარგი ისაა, რომ კონკურენტთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ უკრაინისთვის კარგი ისაა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ უნდა შეხვდნენ, მასპინძელი უკრაინა იქნება (პოლონეთში), ხოლო „აძურას“ ინგლისში აქვს სათამაშო, როცა უკრაინამ ალბიონელებთან ორჯერ უკვე ითამაშა. მოკლედ, წინ დიდი ბრძოლებია. ისე, ჩრდილოეთ მაკედონიასაც 7 ქულა აქვს, მაგრამ მათ ორივე მატჩი აუტსაიდერ მალტას მოუგეს და რთული სათქმელია, რა შანსი ექნებათ.

იტალია - უკრაინა 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ფრატეზი (12), 2:0 ფრატეზი (29), 2:1 იარმოლენკო (41)

1. ინგლისი 5 4 1 0 16 2 14 13
2. იტალია 4 2 1 1 6 4 2 7
3. უკრაინა 5 2 1 2 6 7 -1 7
4. ჩრდ. მაკედონია 5 2 1 2 7 12 -5 7
5. მალტა 5 0 0 5 1 11 -10 0

საქართველოს ნაკრების ჯგუფში ესპანეთმა კვიპროსი 6:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრებისა არ იყოს, ვერც თემურ ქეცბაიას გუნდმა გაუწია „ფურია როხას“ წინააღმდეგობა. ესპანეთს 9 ქულა აქვს და ნორვეგიის სუნთქვას უკნიდან გრძნობს, მაგრამ მაინც ევროფორუმისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

1. შოტლანდია 5 5 0 0 12 1 11 15
2. ესპანეთი 4 3 0 1 16 3 13 9
3. ნორვეგია 5 2 1 2 7 8 -1 7
4. საქართველო 5 1 1 3 5 13 -8 4
5. კვიპროსი 5 0 0 5 2 17 -15 0

ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდნენ ბელგია და ავსტრია. „წითელმა ეშმაკებმა“ ესტონეთი 5:0 თუ გაანადგურეს და გასაკვირი არაფერია, ავსტრიამ შვედეთში 3:1 გაიმარჯვა და პრაქტიკულად გაინაღდა ფინალური ეტაპის საგზური. ბელგიელებს და ავსტრიელებს 13-13 ქულა აქვთ, შვედეთს - 6. აზერბაიჯანი და ესტონეთი კინკილა ქულით ცხადია, უშანსოდ არიან. მოკლედ, ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გაირკვა.

1. ბელგია 5 4 1 0 13 1 12 13
2. ავსტრია 5 4 1 0 12 4 8 13
3. შვედეთი 5 2 0 3 11 8 3 6
4. აზერბაიჯანი 4 0 1 3 2 11 -9 1
5. ესტონეთი 5 0 1 4 2 16 -14 1

შვეიცარიაც უახლოვდება ფინალურ ეტაპს, რადგან შინ 3:0 აჯობა ანდორას, 14 ქულა დააგროვა და ლიდერია. ისრაელმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და 11 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო რუმინეთმა სკანდალურ და დაძაბულ მატჩში კოსოვოს 1:0 სძლია და 12 ქულით მეორე პოზიციაზეა. მოკლედ, ორი საგზური შვეიცარია, რუმინეთსა და ისრაელს შორის უნდა გათამაშდეს.

1. შვეიცარია 6 4 2 0 17 5 12 14
2. რუმინეთი 6 3 3 0 8 4 4 12
3. ისრაელი 6 3 2 1 7 7 0 11
4. ბელარუსი 6 1 1 4 4 11 -7 4
5. კოსოვო 6 0 4 2 5 7 -2 4
6. ანდორა 6 0 2 4 3 10 -7 2
0.11774