ფეხბურთი

21:25 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ბევრ რამეზე დასაფიქრებელი მარცხი იყო, ახლა ხასიათი უნდა გამოვავლინოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ესპანეთთან მარცხი ბევრ რამეზე დამაფიქრებელია და სჯერა, რომ გუნდი ნორვეგიასთან განსხვავებულად ითამაშებს.

„რა თქმა უნდა, ახლა განსხვავებული სიტუაციაა. ბათუმში ვთამაშობდით, შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი იყო, განსხვავებული მოტივაცია იყო. ამჯერად, როცა ნორვეგია თამაშობს საკუთარ კედლებში, ჩვენ კი, სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დასაფიქრებელი მარცხი განვიცადეთ, ამის შემდეგ აუცილებელია, ხასიათი გამოვავლინოთ, ჩვენი სულისკვეთება ვაჩვენოთ, საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინოთ და ამ შესარჩევში ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

პირველი რეაქცია ესპანეთთან წაგების მერე ის იყო, რომ ჩვენს თავზე ვიყავით გაბრაზებულები და ნაწყენები, რადგან ასეთი რამ არ უნდა დაგვმართოდა. თუმცა, გარკვეულწილად, ალბათ, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედავთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, ნორვეგიასთან სრულიად განსხვავებული ნაკრები იქნება და მთელი გუნდი განსხვავებულ ხასიათს გამოავლენს“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. A ჯგუფს 15 ქულით შოტლანდია ლიდერობს, ესპანეთს 6 ქულა აქვს, საქართველოსა და ნორვეგიას 4-4, ხოლო კვიპროსი უქულოდ ბოლო ადგილზეა.

სოფო ერქვანია ოსლოდან

0.115187