საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, სჯერა, რომ მისი გუნდი ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებულად ითამაშებს და თავს უკეთ წარმოაჩენს.
„რასაკვირველია ძალიან რთულია იმ თამაშზე საუბარი, რომელიც ესპანეთთან გვქონდა. მარცხის გარდა, გვაკლდა ყველაფერი, აგრესია, სულისკვეთება, მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო შედეგის მისაღებად. რა თქმა უნდა, ასეთი თამაშის შემდეგ ფოკუსირება მომდევნო მატჩზე უნდა გააკეთო. გუნდთან ეს ორი დღე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და მჯერა, რომ ნორვეგიის წინააღმდეგ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს იხილავთ.
რა თქმა უნდა, მატჩებთან დაკავშირებით ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნორვეგიასთან ცუდი პირველი ტაიმის მერე მეორე ნახევარი განსხვავებული იყო, გუნდმა კარგად აჩვენა შესაძლებლობები, კვიპროსთან ორივე ტაიმი თანაბრად შეგვიძლია შევაფასოთ, შოტლანდიასთან კონდიციებიდან გამომდინარე მძიმედ ვითამაშეთ, ხოლო ესპანეთზე ვისაუბრეთ და ყველამ ვნახეთ, თუ როგორი ვითარება იყო. თუ დავიბრუნებთ იმ ღირებულებებს და გუნდურ სულისკვეთებას, რომელსაც გუნდი გასულ წელს აჩვენებდა, საერთოდ სხვა სურათს შევთავაზებთ ნორვეგიის ნაკრებს. რა თქმა უნდა, მეც უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, რომელიც ვაჩვენეთ, 7:1 რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, მთელი ქვეყნისთვის მტკივნეული იყო. ფეხბურთში ყოველთვის გეძლევა შანსი სიტუაციის გამოსწორების და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები მომდევნო მატჩებში ამ შესაძლებლობებს გამოიყენებენ.
შესაძლოა, ესპანეთთან 4 მცველით თამაში ამბიციური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პრობლემები, რომლებიც გამოჩნდა, მომდევნო მატჩებში გამოსწორდება. ჯაბა კანკავას ნამდვილად კარგი და ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა. გამორჩეული მოთამაშე იყო ორთაბრძოლებში და სწორედ ეს განსაკუთრებით დაგვაკლდა. ის იყო ყოველდღიური მონდომებით მაგალითი, მისაბაძი ფეხბურთელი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში მსგავსი მოთამაშე გუნდში ისევ ვიხილოთ. თუმცა, იგივე შეგვიძლია სხვა მოთამაშეებზეც, რომლებიც ადრე წარმატებით თამაშობდნენ ნაკრებში და დღეს გუნდში აღარ არიან. ახალი თაობა მოდის, თუმცა მაღალი კლასის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო. ჩვენი ნაკრები კი, მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა.
მიხარია, რომ ესპანეთის შემდეგ ნორვეგიას ვეთამაშებით. რთული მეტოქეა და ამაში 6 თვის წინათაც დავრწმუნდით, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა, სასიამოვნოა, რომ ახლა ნორვეგიას ვხვდებით, გამორჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებულს, რადგან რაც ვერ ვაჩვენეთ ესპანეთთან, გვსურს, რომ საკუთარი შესაძლებლობები ნორვეგიასთან მატჩში ამ დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოვავლინოთ. ჰოლანდი? მას ჩემი შეფასება არ სჭირდება, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. A ჯგუფს 15 ქულით შოტლანდია ლიდერობს, ესპანეთს 6 ქულა აქვს, საქართველოსა და ნორვეგიას 4-4, ხოლო კვიპროსი უქულოდ ბოლო ადგილზეა.
სოფო ერქვანია ოსლოდან