რაგბი

21:58 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ მსოფლიო თასი ორი ლელოთი და წაგებით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თავის ისტორიაში მე-6 მსოფლიო თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და ავსტრალიასთან დამარცხდა.

„ბორჯღალოსნები“ ძლიერ მეტოქეს „სტად დე ფრანსზე“ დაუპირისპირდნენ და 20 ქულის სხვაობით, 15:35 წააგეს. ლევან მაისაშვილის გუნდს იდეალურად ნამდვილად არ უთამაშია, შეცდომები საკმაოდ დაუშვა, პირველ ტაიმში კი, განსაკუთრებით ჩამორჩა - 3:21.

საქართველოს ნაკრებმა შესვენებამდე მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა, რომელიც ლუკა მატკავას აქტივშია, საპასუხოდ კი, ორი ლელო, 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა მივიღეთ. 18-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ცხადია ადვილი არ იქნებოდა, რაც ვერ მოხერხდა, მაგრამ მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები უფრო პროდუქტიული იყო.

ამის შედეგია, რომ მეტოქის ჩათვლის მოედანს ქართველმა მორაგბეებმა ორჯერ უწიეს. ჯერ ლუკა ივანიშვილმა დადო ლელო, მერე კი ბექა გიგაშვილმა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასი ორი ლელოთი დაიწყო, თუმცა ეს სანუგეშო ქულის ასაღებადაც არ იყო საკმარისი. 5-5 ქულა მიითვალეს გიგაშვილმა და ივანიშვილმა, 3 მატკავამ და 2 - თედო აბჟანდაძემ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი ავსტრალიელი ბენ დონალდსონი იყო, რომელმაც 2 ლელო დადო, მთლიანობაში მან თავის გუნდს 25 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში დაისვენებს, სამაგიეროდ, ერთმანეთს უელსი-პორტუგალია (16 სექტემბერი) და ავსტრალია-ფიჯი (17 სექტემბერი) შეხვდებიან. ლევან მაისაშვილის გუნდს კი, მომდევნო მატჩი 23 სექტემბერს, ტულუზში, პორტუგალიის ნაკრებთან ელოდება (თბილისის დროით 16:00 საათზე).

ავსტრალია - საქართველო 35:15 (21:3)

ქულები: 5:0 პეტაია (3), 5:3 მატკავა (7), 10:3 ნავაქანიტავასე (10), 12:3 დონალდსონი (12), 15:3 დონალდსონი (15), 18:3 დონალდსონი (22), 21:3 დონალდსონი (32), 21:8 ივანიშვილი (48), 26:8 დონალდსონი (58), 28:8 დონალდსონი (58), 33:8 დონალდსონი (70), 35:8 დონალდსონი (71), 35:13 გიგაშვილი (80), 35:15 აბჟანდაძე (80)

საქართველო: აბულაძე (გოგიჩაშვილი 53), მამუკაშვილი (ზამთარაძე 59), პაპიძე (გიგაშვილი 41) , ჭეიშვილი, მიქაუტაძე (ჯაიანი 60), ჯალაღონია (ცუცქირიძე 68), ივანიშვილი, გორგაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 53), მატკავა (აბჟანდაძე 73), მოდებაძე, შარიქაძე, თაფლაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი (კვესელაძე 63)

0.076048