„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ახალ სეზონში „ქალაქელების“ ამბიციებზე აზრი გამოთქვა.
„მეტის გაკეთება რთული იქნება. ისტორიულ ჰეთ-თრიკს მივაღწიეთ. ახლა ჩვენგან ყველა მეტს ელის, ყველას ჩვენთან ბრძოლა კიდევ უფრო მეტად სურს. შარშანაც ცდილობდნენ, რადგან ინგლისის მოქმედი ჩემპიონები ვიყავით, მაგრამ ამ სეზონში ფსონები გაიზარდა, ახლა მთელ ევროპას სურს ჩვენი დამარცხება.“- ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს L'Equipe.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა თრებლი მოიგო (ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა).
ჰოლანდმა „სიტის“ შემადგენლობაში 2022/2023 წლების სეზონში 53 მატჩი ჩაატარა, 52 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.