საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (1:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქემ ყველა კომპონენტში დაჩაგრა საქართველოს ნაკრები და შედეგიც სახეზეა.
„შედეგის მიზეზი ალბათ ძალიან ბევრია. უბრალოდ, ძალიან არასაკმარისი იყო ჩვენი მხრიდან ის, რაც მოედანზე ვნახეთ. ყველანი ვემზადებოდით, მაგრამ... ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ძალიან დასანანია, არ ვიცი, რა გითხრათ. ყველა საფეხბურთო ასპექტში ესპანეთის ნაკრებმა ძალიან, ძალიან, ძალიან დაგვჩაგრა.
რა თქმა უნდა, ესპანეთს როცა ეთამაშები, კომპაქტურად უნდა დაიცვა თამაში, ხაზებს შორის ფეხბურთელები უნდა გაგვეკონტროლებინა, რაც ვერ შევძელით. ვერ შევასრულეთ, რაც გვქონდა დავალებული და შედეგიც სახეზეა“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ოთხ მატჩში 4 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიასთან ჩაატარებს.