ფეხბურთი

0:51 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი თითქმის ევროპის ჩემპიონატზეა, ფინეთი ჯგუფში გალიდერდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საშემოდგომო სესია დაიწყო, სადაც მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა.

B ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. დიდიე დეშამის გუნდმა მეხუთე ტურში ირლანდია დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა, ორელინ ჩუამენისა და მარკუს ტურამის გოლებით. საფრანგეთს 15 ქულა აქვს, გოლიც არ გაუშვია და უახლოეს მდევარ ნიდერლანდებს 9 ქულით უსწრებს. შესაბამისად, „მამლები“ პრაქტიკულად ევროპის ჩემპიონატზე არიან.

ნიდერლანდებმა საბერძნეთის ნაკრებს ეინდჰოვენში პირველივე ტაიმში გატანილი 3 უპასუხო გოლით აჯობა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ნიდერლანდებს და საბერძნეთს 6-6 ქულა აქვთ, მაგრამ რონალდ კუმანის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

1. საფრანგეთი 5 5 0 0 11 0 11 15
2. ნიდერლანდები 3 2 0 1 6 4 2 6
3. საბერძნეთი 4 2 0 2 5 5 0 6
4. ირლანდია 4 1 0 3 4 5 -1 3
5. გიბრალტარი 4 0 0 4 0 12 -12 0

E ჯგუფში ძალიან საინტერესო და დაძაბული ვითარებაა, რომელიც არც ამ ტურში შეცვლილა. ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე ალბანეთს ვერ აჯობა (1:1), ხოლო პოლონეთის ნაკრებმა ფარერებს 2:0 მოუგო. სწორედ ფარერების გარდა, ყველა გუნდი ინარჩუნებს რეალურ შანსს, მათ შორის, მოლდოვაც კი, რომელიც ამ ტურში ისვენებდა.

1. ჩეხეთი 4 2 2 0 7 2 5 8
2. ალბანეთი 4 2 1 1 6 3 3 7
3. პოლონეთი 4 2 0 2 6 6 0 6
4. მოლდოვა 4 1 2 1 4 5 -1 5
5. ფარერები 4 0 1 3 2 9 -7 1

G ჯგუფში უნგრეთის ნაკრებია ბრწყინვალე, რომელმაც მორიგი 3 ქულა ბელგრადში სერბეთის წინააღმდეგ მოიპოვა, რომელთანაც თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუტანა და იმარჯვა. სერბები მარცხი მიუხედავად მეორე ადგილს ინარჩუნებენ. ამავე ჯგუფში ლიეტუვისა და მონტენეგროს ნაკრებები დაზავდნენ (2:2).

1. უნგრეთი 4 3 1 0 7 1 6 10
2. სერბეთი 4 2 1 1 6 3 3 7
3. მონტენეგრო 4 1 2 1 3 4 -1 5
4. ლიეტუვა 4 0 2 2 3 7 -4 2
5. ბულგარეთი 4 0 2 2 2 6 -4 2

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც ფინეთის ნაკრებია ერთპიროვნული ლიდერი, რომელმაც ყაზახეთის ნაკრებს გასვლაზე 1:0 აჯობა. ყაზახებს ისევ აქვთ კარგი შანსი, მაგრამ კონკურენტთან წაგებით საქმე გაირთულეს. დანიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სან მარინოს იოლად მოუგო (4:0), ხოლო სლოვენიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას აჯობა - 4:2.

1. ფინეთი 5 4 0 1 11 3 8 12
2. დანია 5 3 1 1 11 5 6 10
3. სლოვენია 5 3 1 1 9 6 3 10
4. ყაზახეთი 5 3 0 2 8 5 3 9
5. ჩრდ. ირლანდია 5 1 0 4 4 7 -3 3
6. სან მარინო 5 0 0 5 0 17 -17 0
0.121543