საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 90 წუთის სათამაშოდ მზად არის და მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს, რა დროც არ უნდა გაატაროს მოედანზე.
„21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე უთამაშებლობაზე უკვე ვისაუბრე და ყველამ იცის მიზეზი, რატომაც ვერ ვითამაშე. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და არავის გასჩენია აზრი, რომ მათ ვინმე ან რაღაც დააკლდათ, საქართველო ასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ მეტიც შეიძლებოდა. ჩემი უთამაშებლობის მიზეზი კი ყველამ იცის.
არ აქვს მნიშვნელობა 90 წუთისთვის მზად ვარ თუ არა, ნაკრებისთვის და კლუბისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ იმ დროში, როცა მოედანზე ვარ. ბოლო დღეები მაქსიმალურად ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ, ეს უკვე მოედანზე გამოჩნდება.
რა თქმა უნდა, სასიხარულოა და სასიამოვნოა „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მოხვედრა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შრომა მიფასდება, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე ვფიქრობ.
ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ რომ ჩამოვსულიყავით მეც და სხვა ფეხბურთელებიც, შესაძლოა ზოგიერთ ფეხბურთელს თავი ისე ვერ წარმოეჩინა, როგორც წარმოაჩინეს და იდეალურად ითამაშეს. ეს ბიჭები ერთად 2 წელი თამაშობდნენ და ჰქონდათ შანსი დიდ ტურნირზე თამაშით დიდი გამოცდილება მიეღოთ. ამიტომ, არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზეზით, არამედ მათ გამოც უმჯობესი იქნებოდა, მათ უფრო მეტი დრო მისცემოდათ სათამაშოდ. ვერაფერს გეტყვით, „ნაპოლის“ შეუძლია თუ არა, ფეხბურთელს ნაკრებში წასვლაში ხელი შეუშალოს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოსთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და მომავალშიც ასე გავაგრძელებ.
„ნაპოლის“ განცხადება? ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, არც მაქვს უფლება, რომ ასე არ იყოს. ერთის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ და როგორც ვარ. დანი კარვახალის წინააღმდეგ თამაში სასიახარულოა. იყო დრო, როცა მას ტელევიზორში ვუყურებდი, მასთან თამაში დიდი პასუხისმგელობაა", - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება. A ჯგუფს შოტლანდია 12 ქულით ლიდერობს, საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ქულა აქვთ, ესპანეთს - 3, ხოლო კვიპროსს ქულა არ მოუპოვებია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 4 წაგება.