ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„რასაკვირველია, რთულ თამაშს ველოდებით. საქართველოს ნაკრებმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა, ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი ევროპის კარგ კლუბებში თამაშობენ, შესაბამისად, მათი კლასი ამაღლდა. მძიმე მატჩს ველით, მაგრამ ამისთვის მზად ვართ და გვჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
კვარაცხელია? გუნდისთვის ძალიან კარგია კარგი ფეხბურთელების ყოლა, მაგრამ გუნდური ღირებულება სხვაა. ვილი სანიოლმა კარგად მოახერხა ნაკრებისთვის გუნდური არსის და სულის გადაცემა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ვემზადებით და არა ცალკეული ფეხბურთელების შესაჩერებლად. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის მომდევნო მატჩი, შესაბამისად, ახლა, ხვალინდელი მატჩი.
საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს თვალს ვადევნებდი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობაა, ამიტომ, მძიმე და საინტერესო თამაშს ველით, მაგრამ გუნდში არის დიდი სურვილი და მონდომება, რომ ხვალ იმ შედეგს მივაღწიოთ, რაც გვინდა.
ლუის რუბიალესის სკანდალი? ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, რადგან ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მხოლოდ მატჩზე ვფიქრობთ და ფეხბურთელები ამაზე არიან კონცენტრირებული.
შემადგენლობა? მნიშვნელოვანი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დღეს გუნდში არიან და არა ისინი, ვინც არ არიან. თვალდახუჭული ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს და მიხარია, რომ გუნდში ისინი მყავს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.
A ჯგუფს შოტლანდია 12 ქულით ლიდერობს, საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ქულა აქვთ, ესპანეთს - 3, ხოლო კვიპროსს ქულა არ მოუპოვებია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 4 წაგება.