ფეხბურთი

1:51 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "გუნდში საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, ხარვეზები ბუნებრივი იყო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გიბრალტართან მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, იყო ხარვეზები, რასაც ელოდნენ, რადგან გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს.

გარდა ამისა, თამაშის შემდეგ ნაკრების დებიუტანტებმა, საბა გოგლიჩიძემ და ვასილიოს გორდეზიანმა ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: „ჩვენი პირველი თამაში იყო, ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში, ძალიან საინტერესო პროცესია ზოგადად დაწყებული, იმიტომ, რომ თაობათა ცვლა არის. მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოლდოვაში გამარჯვება. თამაშში იყო კარგი მომენტებიც, მაგრამ ხარვეზებიც და ეს ბუნებრივია, ამას ველოდით, რადგან ახალი შეკრებილები ვართ. მთავარია, რომ ამ გუნდს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ თამაშს მოუმატოს. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად ხარისხი გაუმჯობესდება“

საბა გოგლიჩიძე: „სამი დღის შეკრებილები ვართ, პირველი თამაშისთვის, ვფიქრობ კარგი იყო, უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგება, მაგრამ ამასაც არა უშავდა. ბედნიერი ვარ და მადლობა ბიჭებს გვერდში დგომისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის. მოლდოვასთან ყველანაირად შევეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან მახარებს გუნდის წარმატება, ასევე გოლი ჩემს სადებიუტო მატჩში. კარგი საღამო გამოვიდა გუნდისთვის და ჩემთვის. ასეთი შემართებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მჯერა, რომ შემდეგშიც წარმატებას მივაღწევთ, მხოლოდ საქმე და დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, სტუმრად მოლდოვასთან გამართავს.

0.115976