ფეხბურთი

21:59 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა გიბრალტარი იოლად დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში გიბრალტარის ნაკრები მოლოდინისამებრ დაამარცხა.

მატჩი, რომელიც ქუთაისში გაიმართა, რამაზ სვანაძის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში არცთუ ისე სოლიდურია - 2:0. საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებით კარგად მატჩის საწყისი წუთები ჩაატარა, როდესაც უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, ორი კი, გამოიყენა კიდეც.

ანგარიში მეათე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გახსნა, რომელმაც საბა ხვადაგიანის კარგი პასი გამოიყენა და თვითონაც შესანიშნავად იმოქმედა. 7 წუთში ნაკრების დებიუტანტმა ვასილიოს გორდეზიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. პაოკ-ის ფორვარდმა ზურაბ რუხაძის პასის მერე თავით გაიტანა - 2:0.

ეს ყველაფერი მე-17 წუთისთვის მოხდა, წინ ბევრი დრო იყო და სვანაძის გუნდს სხვაობის გაზრდაც არაერთხელ შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და სუსტ მეტოქესთან მოკრძალებულ ანგარიშს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ეს 21-წლამდე ნაკრები პრაქტიკულად ახალი თაობისაა, ამ კონტინგენტით გუნდმა პირველად ითამაშა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 3 ქულა აქვს და C ჯგუფში ამჟამად ლიდერობას შვედეთსა და მოლდოვასთან ერთად იყოფს. სწორედ მოლდოვას ესტუმრება რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩში, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფში არიან ხსენებული ნაკრებების გარდა, ნიდერლანდებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებები. ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველადგილოსანი მოიპოვებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული შანსს პლეი-ოფში მიიღებს.

საქართველო - გიბრალტარი (2:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

საქართველო (4-1-4-1): მაქაცარია; მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, რუხაძე; ლომინაძე (მორჩილაძე 71); ოდიშარია (ოგბაიძე 72), სიგუა (ცხოვრებაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (აბუაშვილი 86); გორდეზიანი (იობაშვილი 74)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (10), 2:0 გორდეზიანი (17)

0.138634