ფეხბურთი

20:55 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მესამე დღეა თბილისში ემზადება.

6 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ესპანეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის დებიუტანტებმა, სანდრო კალანდაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრეს.

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს, რომლებიც სექტემბერში გველის, კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ და ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში".

სანდრო კალანდაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. მინდა იმედები გავამართლო, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა".

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), სოლომონ კვერკველია („ალ ოხდუდი“, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.

0.118315