იტალიელი ჟურნალისტი პაოლო დე პაოლა „ნაპოლის“ განცხადებას გამოეხმაურა და იტალიის ჩემპიონი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე გავრცელებული განცხადება საზიზღრობა და ვულგარულობა იყო.
„დე ლაურენტისის სტილია. პრესრელიზში გამოყენებული სიტყვა, „სისულელე“ ნიშნავს, რომ კომუნიკაციის სამსახური კლუბში არ არსებობს, რადგან ვერცერთი პრესსამსახური ვერ გაბედავს მსგავსი რამის დაწერას, მეტიც, პრესაზე გაბრაზება არ შეიძლება. „ნაპოლიში“ უნდა გააცნობიერონ, რომ პრესასთან მეგობრობა აუცილებელი არ არის, პრესა სიმართლის მხარდამჭერია, წერს იმას, რაც მან იცის თავისი წყაროებით და აკეთებს სიუჟეტს, ასახავს ფაქტებს. ისე არ არის, რომ „ნაპოლის“ ნათქვამი სიმართლეა და დანარჩენი სისულელე. ეს ტერმინი ოფიციალურ განცხადებაში, არის რაღაც უხეში, ვულგარული, შეურაცხმყოფელი და არ შეეფერება ისეთ კლუბს, როგორიც „ნაპოლია“, - თქვა დე პაოლამ.
ამ საკითხს და განცხადებას სხვებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა მასიმილიანო გალომ თქვა: „ეს პრესრელიზი აჩვენებს კლუბში არსებულ შფოთვას. დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ 12 აგვისტოს გააჟღერებდა სეზონის მიზანს, მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს. საერთო ჯამში, დღემდე არ გადაჭრილა არც ქართველთან, არც ვიქტორ ოსიმენთან და არც პიოტრ ჟიელინსკისთან კონტრაქტის განახლების საკითხები. მაინც რა აზრი ჰქონდა ამგვარ განცხადებას? „ნაპოლის“ ამ ტონით სურს მედიისთვის შეხსენება, რომ მას 5-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და შესაბამისად, არაფერია მოსალაპარაკებელი. ეს არალეგალური განცხადებაა. ცხადია, „ნაპოლის“ აწუხებს ჭორები აგენტებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. „ნაპოლიში“ ცოტათი დაბნეულობაა“.
კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ კი, აღნიშნა, რომ ეს განცხადება და ტერმინი, „სისულელე“ არ შეეფერება იტალიის ჩემპიონ კლუბს.
„ნაპოლის“ ეს განცხადება ნიშნავს, რომ კლუბი კონტრაქტის 2027 წლიდან 2028 წლამდე განახლებას არ აპირებს, უპირველეს ყოვლისა კი, იმას ნიშნავს, რომ ქართველ ფეხბურთელს არც ხელფასს მოუმატებენ, რომელიც ამჟამად წელიწადში 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, რითაც ის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია...