აკადემიკოსმა და მათემატიკოსმა, „ნაპოლის“ გულშემატკივარმა გვიდო ტრომბეტიმ რუდი გარსია გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, აუხსნელია, რატომ შეცვალა ფრანგმა სპეციალისტმა „ლაციოსთან“ მატჩში ქართველი ფეხბურთელი, მით უფრო, ჯაკომო რასპადორით, რომელიც ფლანგზე კარგად ვერ თამაშობს.
„მაინტერესებს, როგორ მოუვიდა გარსიას თავში აზრად, რომ კვარაცხელია მოედნიდან გაეყვანა და იქ რასპადორი დაეყენებინა, რომელიც პოზიციის გარეშე დარჩა? მწვრთნელის თქმით ქართველს 90 წუთი თამაში არ შეეძლო? ეს სისულელეა. კვარა ერთადერთია, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემადგენლობაშია ელმასიც, არ მესმის, რატომ ცდილობენ დაჟინებით, რომ რასპადორი ფლანგზე ათამაშონ. კვარას ცვლი ფეხბურთელით, რომელიც ფლანგზე თავს კარგად ვერ გრძნობს? ჩემი აზრით, ეს ბანალური საკითხია“, - თქვა ტრომბეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს სამ ტურში 6 ქულა მოიპოვა, მომდევნო შეხვედრას კი 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოასთან“ ჩაატარებს.