რაგბი

22:17 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესამე დონის სამწვრთნელო კურსი 15-მა ქართველმა დაიწყო

გასული სამი დღის განმავლობაში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მსოფლიო რაგბის მესამე დონის სამწვრთნელო კურსი დაიწყო, რომელიც საქართველოში პირველად იმართება და მასში 15 ქართველ სპეციალისტთან ერთად, ერთი უცხოელი ჩაერთო.

მომავალი წლიდან დიდი 10-ის გუნდებისთვის სამწვრთნელო შტაბში მინიმუმ ერთი მესამე დონის მწვრთნელის ყოლა სავალდებულო ხდება. ეს აამაღლებს ქართული კლუბების მომზადების დონეს და შესაბამისად, თამაშების ხარისხს. იმისათვის, რომ კურსის გავლის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა სპეციალისტმა მოახერხოს, რაგბის კავშირის განვითარების დირექტორმა რამა ჩანდმა კურსის, რომელიც წელიწადში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ ორი-სამი იმართება, მსოფლიო რაგბთან და რაგბი ევროპასთან კონსულტაციების შედეგად საქართველოში დაგეგმა.

15 ქართველ სპეციალისტთან ერთად კურსს წარმოშობით ირლანდიელი, ავსტრიის ნაკრების მწვრთნელიც გადის. კურსს რამა ჩანდთან ერთად ინგლისელი დევიდ ფრესერი, შოტლანდიელი დუგლას თომსონი და ნიდერლანდელი კურტ მარტინი უძღვებოდნენ.

ედუკატორებმა მსმენელებს ამ სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მიაწოდეს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გაიმართა პრაქტიკული მეცადინეობებიც, თუმცა ეს მხოლოდ პროგრამის დასაწყისია. მომდევნო 8 თვის განმავლობაში 16-ივე მსმენელი სხვადასხვა ტიპის დავალებებს მიიღებს, რის შემდეგაც განხორციელდება ონლაინ მონიტორინგი და კურსის დასრულების შემდეგ, ის მსმენელები, რომლებიც ამოცანას კარგად გაართმევენ თავს, მსოფლიო რაგბის მესამე დონის სამწვრთნელო ლიცენზიებს მიიღებენ.

რამა ჩანდი: „ძალიან სასიამოვნოა, რომ რაგბის კავშირისა და რაგბი ევროპის კოლაბორაციით, საქართველოში მსოფლიო რაგბის მესამე დონის სამწვრთნელო კურსი ჩატარდა. მსმენელები ტალანტების პროგრამებიდან შეირჩნენ – 20 და 18-წლამდე, ასევე 7-ქალა ნაკრებიდან და დიდი 10-ის კლუბებიდან. ასევე გვყავდა მონაწილე პირველი ლიგიდან, რომელიც კურსზე სასელექციო პროცესის გავლის შემდეგ მოხვდა. მსმენელებს დავალებები ინგლისელმა, შოტლანდიელმა, ნიდერლანდელმა და ქართველმა ტრენერებმა მისცეს“.

„კურსი 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს სწორედ ის არის, რაც ნამდვილად გვჭირდება. წვრთნების ხარისხის გაუმჯობესებას ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. სასიამოვნოა, რომ სწავლებაში 15 ქართველი სპეციალისტი ჩაერთო. წელს რაგბი ევროპის ფარგლებში სულ ორი მესამე დონის სამწვრთნელო კურსი ტარდება და სასიამოვნოა, რომ ერთ-ერთ მათგანს საქართველომ უმასპინძლა (მეორე სექტემბერში ბელგიაში გაიმართება)“.

„დადგენილი ცვლილებებიდან გამომდინარე, მომავალი სეზონიდან დიდი 10-ის კლუბებს მესამე დონის მწვრთნელი უნდა ყავდეთ, რაც აუცილებელია ჩემპიონატის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 3-დღიანი კურსის შემდეგ მწვრთნელებს ექნებათ დავალებები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ონლაინ ჩართვები და გამოცდები, რის მიხედვითაც მოხდება მათი შეფასება. ვგეგმავთ, რომ მწვრთნელების გარდა ფიზ. მომზადების, სამედიცინო ჯგუფის და სამსაჯო კორპუსის კვალიფიკაციაც გავზარდოთ“.

ჯაბა მალაღურაძე (7-ქალას მწვრთნელი): „მესამე დონის სამწვრთნელო კურსი საქართველოში პირველად იმართება და ეს ძალიან მაგარია, რადგან ბევრ ქართველ სპეციალისტს მიეცემა ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა. სწორი ვარჯიში და გუნდის მომზადება სამომავლოდ აუცილებლად აისახება ქართული რაგბის კეთილდღეობაზე“.

„საინტერესო კურსი გამოვიდა, რაც კარგმა მენტორებმა განაპირობა. წინ მასშტაბური სამუშაო გველის და ვფიქრობ, ამოცანას ყველანი კარგად გავართმევთ თავს. დეკემბერში გვექნება შუალედური შეფასება, 8 თვის შემდეგ კი მოხდება პროცესის შეფასება და კვალიფიკაციის დადასტურება“.

პალიკო ჯიმშელაძე (‘ბათუმის’ მწვრთნელი): „ეს აშკარად სხვა დონეა და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც მოიცავს გუნდის და მოთამაშეების პროფილებს, სათამაშო გეგმის ორგანიზებას, ვიდეოანალიზის მუშაობას, პრიორიტეტების სწორად დალაგებას. სწავლება არის დეტალური, რაც სწორი მიმართულებების განსაზღვრაში გეხმარება, რაც საბოლოოდ ხარისხზე აისახება“.

„ტრენერები ისეთ დეტალებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რასაც ჩვენ სათანადო დროს არ ვუთმობდით, თუმცა უკეთ მომზადებისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, მომავალი სეზონიდან დიდი 10 უფრო მაღალი დონის გახდება. ეს არ არის მხოლოდ ლიცენზიის მიღებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად აისახება ქართული რაგბის ხარისხზე“.

გიორგი ბეგაძე (20-წლამდელთა ნაკრებისა და ბოლნისის ‘ყოჩების’ მწვრთნელი): „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს და რამა ჩანდს ამ შესაძლებლობისთვის. მისი დამსახურებაა მესამე დონის მწვრთნელთა ლიცენზირების კურსი საქართველოში რომ ჩატარდა და ამან ბევრ ქართველ სპეციალისტს მისცა პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, რაც ქართულ რაგბის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“.

„მე სულ 1 წელია რაც მწვრთნელობა დავიწყე და მანამდე ქართველ სპეციალისტებთან გავიარე პირველი და მეორე დონე, ამჯერად კი უცხოელ სპეციალისტებთან მომიწია მუშაობა. ბევრი საინტერესო დეტალი იყო: სელექცია, გუნდის და მოთამაშეების პროფაილების შექმნა, სათამაშო სიტუაციები, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, მოკლე და გრძელვადიანი ამოცანების დასახვა. დეტალურად გავიარეთ რა რატომ კეთდება. თეორიული მეცადინეობების შემდეგ გვქონდა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლის დროსაც ვგეგმავდით და ვატარებდით ვარჯიშებს. ამას მოსდევდა შეფასება, რა იყო კარგი და რა გვქონდა გასაუმჯობესებელი“.

„8-თვიან პროგრამაში ყველა მწვრთნელს გვექნება ინდივიდუალური, ონლაინ შეხვედრები ტრენერებთან. ისინი მჭიდრო კავშირში იქნებიან ედუკატორებთან, რომლებიც დააკვირდებიან ჩვენს მუშაობას. ონლაინ შეხვედრებზე გვეტყვიან რას ვაკეთებთ კარგად და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. გადავიღებთ ვარჯიშებს, რასაც ავტვირთავთ მსოფლიო რაგბის სპეციალურ გვერდზე და მოხდება მათი განხილვები“.

„ჩემთვის, როგორც დამწყები მწვრთნელისთვის ბევრი რამ იყო საინტერესო. როდესაც მოთამაშე ხარ, გარკვეულ დეტალებს სხვა თვალით უყურებ, მწვრთნელის პოზიციიდან კი ისინი სხვანაირად ჩანს. ვიმედოვნებ, რომ კურსს ყველანი წარმატებით გავივლით და ქართული რაგბი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება“.

RUGBY.GE

0.127225