მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მონტენეგრომ მინიმალური ანგარიშით რუმინელი თანატოლები დაამარცხა.
მონტენეგრო ახლად შექმნილი სახელმწიფოა, მას კარგი ეროვნული ნაკრები ჰყავს, თუმცა მაღალი კლასის ფეხბურთელთა შედარებიტ სიმცირეს განიცდის. ამ ქვეყნის ნაკრებთა უპირატესობა ერთსულოვნებაში მდგომარეობს, დღესაც ასე იყო. ბალკანელები ზოგჯერ ცდებოდნენ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობა რუმინელთა მხარეს იყო, ხოლო მეორე ნახევარში ისაკ დორუს მოთამაშეებმა ბევრად მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა სამი ქულა მაინც მონტენეგრომ აიღო, რადგან მეტი მოტივაცია ჰქონდა. შესაძლოა, რუმინელებზე კვიპროსთან წაგებამ მოახდინა გავლენა, ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ, რაც მათ თამაშზე აისახა.
რუმინელებს უჭირდათ საგოლე მომენტების რეალიზაცია. მეორე ტურის შეხვედრიდან გამომდინარე, ისაკ დორუს გუნდის უიღბლობაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა გუშინწინდელ ტურში, კვიპოსელებთან შეხვედრაშიც ეს მინუსი შეინიშნებოდა. ვლახები მოწინააღმდეგის საჯარიმომდე კარგად თამაშობენ, საჯარიმოში შესვლის შემდეგ სიზუსტე აკლდებათ.
მონტენეგრომ თანამედროვე ფეხბურთის პრინციპებს მხარი აუბა. მათი ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას არ არღვევდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე მილენოვიჩი 2010 წელს დაინიშნა 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელად და 4 წლის თავზე დამსახურებული შედეგიც აჩვენა. ასაკობრივ ნაკრებებში ფეხბურთელთა ცვლის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ მწვრთნელის მიმართ ნდობის გამოცხადება თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელი ფაქტორია, რის გარეშეც წარმატების მიღწევა გამორიცხულია. ეს სენი კი ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფესვგადგმულია.
რუმინელთა შორის კვლავ კარგი შთაბეჭდილება დატოვა საყრდენმა რობერტ იოან კარუტამ. ცაციამ ფაქტიურად ყველა შემთხვევაში ზუსტი პასი გააკეთა. დამაჯერებლად თამაშობდა ართმევაზე, თუმცა შეტევისას ნაკლებად აქტიური იყო, მეტი აქტიურობა მართება განსაკუთრებით მაშინ, როცა მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, ხოლო კარუტას თანაგუნდელები ისევე აგრძელებდნენ თამაშს, როგორც გოლის გაშვებამდე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ყვითელ მაისურიანი ფეხბურთელები შეტევის ფაზაში, მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოსთან, ერთმანეთის იმედად იყვნენ. თითოეულს ცალ-ცალკე თავდაჯერება აკლდა და უჭირდა თამამად თამაში. რუმინელები კარის მიმართულებით იშვიათად ურტყამდნენ, არადა იყო ეპიზოდები, როცა მეტოქის საჯარიმოს წინ თავისუფალი სივრცე იქმნებოდა და დარტყმა შესაძლებელი და უპრიანი იყო.
გამარჯვებულთა შორის გამორჩეულ ფეხბურთელებზეც ვიტყვი. 18 წლის ბორის კმილიანიჩი 1996 წელს პოდგორიცაში დაიბადა. 2014 წელს მშობლიური ქალაქის გუნდ “ბუდოჩნოსტიდან” ჰოლანდიურ პსვ-ში გადავიდა. ერედივიზიონში თამაშის საშუალება არ მისცემია, თუმცა სარეზერვო გუნდში ასპარეზობს.
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელგიური “ანდერლეხტის” ახალგაზრდული გუნდიდან ლისაბონის “ბენფიკას” 19-წლამდე გუნდში გადავიდა მონტენეგოელი ოლივერ სარკიჩი. დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ 17 წლის საკიჩი ტექნიკური მოთამაშეა და ბურთს ძალიან კარგად იმორჩილებს. ერთ-ერთ ეპიზოდში იგი ერთდროულად 4 რუმინელს გაცდა და გულშემატკივართა მოწონებაც დაიმსახურა, რადგან მატჩში მეტოქის მოტყუებას ფეხბურთელები ნაკლებად ცდილობდნენ. ისისნი ძირითადად პასზე ფიქრობდნენ და ცარიელ სივრცეში მყოფი თანაგუნდელის მოძებნას ცდილობდნენ. “ქუჩის ფეხბურთის” ელემენტები, რომელიც ხელს არ უშლის სათამაშო დისციპლინის დარღვევას, ფეხბურთს უფრო სანახაობრივს ხდის.
ვფიქრობ, ზემოთ ხსენებული ბორის კმილიანიჩისა და ოლივერ სარკიჩის თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა მონტენეგროელთა გამარჯვება. ევროპულ კლუბში ვარჯიში, ევროპული კლუბებში თამაში კლასის ამაღლებაში გეხმარება. ალექსანდრე მილენოვიჩის გუნდმა ლოგიკურ გამარჯვებას მიაღწია. ბალკანელებმა მცირედით, მაგრამ ბევრ ასპექტში აჯობეს მეტოქეს.
მატჩის დასრულების შემდეგ მონტენეგროელებმა გამარჯვების ყიჟინა დასცეს, სიხარული სიმღერით გამოხატეს, რუმინელებმა კი უემოციოდ დატოვეს მინდორი.
რუმინეთი – მონტენეგრო 0:1 (0:0)
რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე, ჰალმაგე, კრისანი, კარუტა, ბელაურე, დანცუ (ვლად ოტეანუ 59), პუშკაში, ივანი (აკარი 78), ტუდორე
მთავარი მწვრთნელი: ისაკ დორუ
მონტენეგრო: სარკიჩი, გრივიჩი, ვუკჩევიჩი, ბანოვიჩი, ნილოვიჩი, რუდოვიჩი (მილოშევიჩი 73), კმილიანიჩი (კუკულიჩიჩი 33), სარკიჩი, ვუჩკევიჩი, კოტორაჩი (ლონკარი 76), ვუინოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე მილენოვიჩი
გოლი: 0:1 ვუინოვიჩი (83)
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი ჰანი (შვეიცარია)
ასისტენტები: ბაკიმ ზოგაი (შვეიცარია), გიორგი ელიკაშვილი (საქართველო)
მეოთხე მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
გაფრთხილება: ბანოვიჩი (52)