საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ ჯგუფში ბოლო ტურის წინ იყო ყველაფერი გარკვეული, ორში - დღეს გაირკვა.
მეოთხედფინალში გავიდა იტალიის ნაკრები, რომელმაც პუერტო რიკოს 73:57 აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბოლოს 1998 წელს იყო, მაშინ ჯანმარკო პოცეკო თამაშობდა, ახლა კი მთავარი მწვრთნელია.
ამ ჯგუფში მეორე ადგილი ერგო სერბეთის ნაკრებს, რომელმაც დომინიკის რესპუბლიკას 112:79 აჯობა. შესაბამისად, იტალია და სერბეთი მეოთხედფინალში.
საქართველოს ნაკრების ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა იპირველა, რომელმაც სლოვენიასთან პირველი პერიოდი 11:25 წააგო, მაგრამ შემდეგ დაუნდობელი გახდა და სამივე პერიოდი სოლიდური სხვაობით მოიგო, საბოლოოდ კი 100:71 იმარჯვა! სლოვენიაც მეოთხედფინალშია, ოღონდ მეორე ადგილით.
ლიეტუვას მეოთხედფინალის საგზური ისედაც მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ ბალტიისპირელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, რადგან აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს - 110:104. ლიეტუველებმა პირველ პერიოდში მოიპოვეს 19-ქულიანი უპირატესობა და ეს გადამწყვეტი გამოდგა. ამრიგად, ჯგუფში პირველი ადგილი ლიეტუვას ერგო, მეორე - ამერიკას.
მეოთხედფინალში გავიდა ლატვიის ნაკრებიც, რომელმაც ბრაზილია 104:84 დაამარცხა. ჯგუფიდან გავიდა კანადის ნაკრები, რომელმაც ესპანეთს გადამწყვეტ შეხვედრაში 88:85 აჯობა. არადა, ესპანეთი ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით იგებდა, მაგრამ პირინელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა.
მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებენ: გერმანია, სლოვენია, ლიეტუვა, აშშ, იტალია, სერბეთი, ლატვია და კანადა.
I ჯგუფი
1. | იტალია | 5 | 4 | 1 | 404 | 370 | 34 | 9 |
2. | სერბეთი | 5 | 4 | 1 | 502 | 380 | 122 | 9 |
3. | პუერტო რიკო | 5 | 3 | 2 | 444 | 449 | -5 | 8 |
4. | დომინიკის რესპუბლიკა | 5 | 3 | 2 | 425 | 444 | -19 | 8 |
J ჯგუფი
1. | ლიეტუვა | 5 | 5 | 0 | 482 | 375 | 107 | 10 |
2. | აშშ | 5 | 4 | 1 | 507 | 398 | 109 | 9 |
3. | მონტენეგრო | 5 | 3 | 2 | 397 | 390 | 7 | 8 |
4. | საბერძნეთი | 5 | 2 | 3 | 392 | 419 | -27 | 7 |
K ჯგუფი
1. | გერმანია | 5 | 5 | 0 | 467 | 364 | 103 | 10 |
2. | სლოვენია | 5 | 4 | 1 | 442 | 409 | 33 | 9 |
3. | ავსტრალია | 5 | 3 | 2 | 469 | 421 | 48 | 8 |
4. | საქართველო | 5 | 2 | 3 | 379 | 407 | -28 | 7 |
L ჯგუფი
1. | კანადა | 5 | 4 | 1 | 477 | 367 | 110 | 9 |
2. | ლატვია | 5 | 4 | 1 | 450 | 410 | 40 | 9 |
3. | ესპანეთი | 5 | 3 | 2 | 429 | 369 | 60 | 8 |
4. | ბრაზილია | 5 | 3 | 2 | 420 | 401 | 19 | 8 |
მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
იტალია - აშშ
ლიეტუვა - სერბეთი
გერმანია - ლატვია
კანადა - სლოვენია