ფეხბურთი

17:05 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელის და დე ლაურენტისის შეხვედრა არ შედგა, ხელფასზე მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელსა და „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის მომატებაზე მოსალოდნელი შეხვედრა ისევ არ შედგა.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯუღელი იტალიაში იყო და „ნაპოლის“ ჩატარებულ სამივე მატჩს სტადიონზე დაესწრო (გარდა ამისა, იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც დე ლაურენტისი იყო), ისინი მაინც არ შეხვედრიან ერთმანეთს.

სამაგიეროდ, ჯუღელს შეხვედრა ჰქონდა „ნაპოლის“ მენეჯერ მაურიციო მიკელისთან, მაგრამ გამოცემის ცნობით, ეს იმის ნიშანია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.

„ნაპოლი“ ხვიჩას ამჟამად 1.4 მილიონ ევროს უხდის წლიურად, რითაც ქართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ხოლო კონტრაქტის 2028 წლამდე განახლებით სეზონში 2.5 მილიონს სთავაზობს. კვარაცხელიას გარემოცვა კი გაცილებით მეტს, მინიმუმ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში გაგრძელდება, რადგან ჯუღელი კვარაცხელიასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. ხვიჩა სულ მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება.

0.1195