საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩის (84:100) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ცენტრმა აღნიშნა, წაგების შემდეგ საუბარი რთულია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშით ბედნიერები არიან.
„წაგების შემდეგ საუბარი ყოველთვის რთულია, მაგრამ ვულოცავ ავსტრალიას, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ მნიშვნელოვანი მოთამაშეები გვაკლდა, გვინდოდა მოგება, მაგრამ დავმარცხდით. ეს კალათბურთია, ზოგჯერ მოიგებ, ზოგჯერ წააგებ, არა უშავს, ძალიან ბედნიერები ვართ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშით. განსაკუთრებული მადლობა ილიას ზუროსს, მის ასისტენტებს, სამედიცინო შტაბს, მადლობა ფიბას, აქ ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მადლობა ამ ხალხს. ახლა სახლში წასვლის დროა, მადლობა კიდევ ერთხელ“, - თქვა შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველომ 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრით დაასრულა. ჩაატარა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო კაბო ვერდესა და ვენესუელასთან, ხოლო სლოვენიის, გერმანიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ მარცხი განიცადა. ამ შედეგით ზუროსის გუნდმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.