საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ილიას ზუროსის გუნდმა დასკვნითი შეხვედრა ავსტრალიასთან ჩაატარა, რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
ავსტრალიელებისთვის ეს თამაში პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა, მაგრამ მაღალ დონეზე ითამაშეს და იოლად მოიგეს - 100:84.
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე დააკლდნენ, შემოკლებული სკამით კი, ილიას ზუროსის გუნდმა დიდი ვერაფერი მოახერხა, შესაბამისად, პრაქტიკულად უბრძოლელად წააგო.
მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ავსტრალიელებმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მესამე პერიოდში საქართველომ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, 16 ქულით განიცადა მარცხი.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 20 ქულით და 6 მოხსნით გოგა ბითაძე იყო, 18 ქულით და 9 პასით ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან თად მაკფადენი. 16 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა გიორგი შერმადინს, 12-12 ქულა რატი ანდრონიკაშვილსა და სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც თავის მხრივ 8 მოხსნაც მიითვალა. 2 ქულა ჩააგგო კახა ჯინჭარაძემ, 4 გიორგი ტურძილაძემ, ხოლო ლუკა ლიკლიკაძემ თამაში უქულოდ დაასრულა.
ავსტრალიის ნაკრებში 19 ქულა ჰქონდა პატი მილსს, 18 დანტე ექსუმს, 16 - დუპ რითს. ავსტრალიაც საქართველოს დარად მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.
ამრიგად, სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველომ 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრით დაასრულა. ჩაატარა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო კაბო ვერდესა და ვენესუელასთან, ხოლო სლოვენიის, გერმანიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ მარცხი განიცადა. ამ შედეგით ზუროსის გუნდმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიულია, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მუშაობა მაინც ტოვებს კითხვის ნიშნებს, რადგან ძალიან ბევრი ხარვეზი და შეცდომა იყო ნაკრების თამაშში.
მსოფლიოს ჩემპიონატი კი გრძელდება, სულ მალე ყველაზე საინტერესო, პლეი-ოფი დაიწყება, მეოთხედფინალური ეტაპიდან.
ავსტრალია - საქართველო 100:84 (23:17, 31:20, 25:30, 21:17)