კალათბურთი

15:34 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "გახარებული ვარ იმით, რასაც გუნდმა მიაღწია და ასე უნდა იყოს ჩვენი ქომაგიც"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნაკრებმა უკვე მიაღწია ისტორიულ შედეგს, რადგან სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა შედეგს მიაღწია ნაკრებმა. ისტორიულია, რომ გუნდმა მონაწილეობა მიიღო პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე და მოახერხა 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში. ასე რომ, 2 გამარჯვებითა და ჯგუფიდან გასვლით ჩვენ ორივე მხრივ შევქმენით ისტორია.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩვენ ვეთამაშებით ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნაკრებს, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოს ტოპ-გუნდების რიცხვს. მათ ჰყავთ ნბა-ს 9 მოთამაშე და თამაშობენ ძალიან სწრაფად და ათლეტურად. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე მესმის, რომ ხანდახან, წაგების შემდეგ მოთამაშეთა განწყობა ფუჭდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ტრავმირებულები გვყავს. თორნიკე შენგელიას წინა თამაშში მოედანზე გასვლაც არ შეეძლო, თუმცა ძალიან მოინდომა, ექიმებიც ძალიან დაეხმარნენ და მაინც ითამაშა, თუმცა ისევ დაშავდა. ჩვენ შევხედავთ, რა ვითარება იქნება, თუმცა ჩანს, რომ საქმე საკმაოდ რთულადაა. ასევე ტრავმირებულია მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, რომლებსაც ფეხის პრობლემები აქვთ. ისიც გამაყუჩებლით თამაშობდა და ექიმები ახლა მას დიაგნოსტიკას უტარებენ. ერთი სიტყვით, ხვალ გამოჩნდება, თუ ვინ შეძლებს მოედანზე გასვლას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია და ასე უნდა იყოს ყველა ჩვენი ქომაგი. გავიმეორებ, რომ როგორც ყოველთვის, ავსტრალიასთან მატჩშიც მაქსიმუმს ვეცდებით. კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კალათბურთში არის მოგებები, არის წაგებები... ამ მოთამაშეებმა დიდი ხნის განმავლობაში დიდი მონდომება გამოავლინეს. ჩვენ ვცდილობდით ჩვენს მაქსიმუმს, მაგრამ ხანდახან პატარა დეტალები, თითოეული აცილებული ბურთი, ან მეტოქის მიერ ჩაგდებული ხდება გადამწყვეტი. 20 სამქულიანი ჩააგდო გერმანიამ, რაც იშვიათობაა. ჩვენ წავაგეთ ერთი მატჩი, ეს არ არის მსოფლიოს დასასრული და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ”, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რითაც სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას დაასრულებს.

0.117102