ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დასრულდა, შედეგად ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა. ბოლო სამი საგზური პსვ ეინდჰოვენმა, „ანტვერპენმა“ და „კოპენჰაგენმა“ მოიპოვეს.
პირველი მატჩი შოტლანდიაში 2:2 დასრულდა, „ფილიპს არენაზე“ კი ნიდერლანდელებმა მეტოქეს ცალსახად აჯობეს და 5:1 გაანადგურეს. შესაბამისად, პსვ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია.
„კოპენჰაგენმა“ პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. დანიელებმა ერთი კვირის წინ სტუმრად 1:0 მოიგეს, ხოლო დანიაში გუნდები დაზავდნენ - 1:1. დავით ხოჭოლავას გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ქართველი ამჟამად ტრავმირებულია და არ უთამაშია, თუმცა, ჯგუფში ითამაშებს.
ბელგიურმა „ანტვერპენმა“ ათენის აეკ-ს ორივე შეხვედრაში აჯობა, შინ 1:0 და ამჯერად სტუმრად - 2:1. ბელგიელებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა არნახული წარმატებაა. ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე 65 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის 32-ვე მონაწილე ცნობილია, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე კი წილისყრა გაიმართება.