ფეხბურთი

22:39 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: "მიქაუტაძის ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტი მეც გავაფორმე"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი აუცილებლად მოახერხებს ნიდერლანდურ გრანდში საკვანძო ფიგურად ქცევას.

გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება.

გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი ფეხბურთელების წარმატებული ტრანსფერები და იმედი მაქვს, მათი ინდივიდუალური წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ეროვნული ნაკრების შედეგზე აისახება“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შოთა არველაძე კი, ამსტერდამულ გუნდში 1997-2001 წლებში თამაშობდა (124 მატჩი, 72 გოლი).

0.117792