საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
თორნიკე შენგელია: „ჩვენი პირველი მიზანი შევასრულეთ.ბევრს ეგონა, რომ აქ შემთხვევით და მარტო მონაწილეობის მისაღებად ვიყავით ჩამოსული, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ეს შევძელით და ყველანი მიყვარხართ. ახლა არ სჭირდება, რა გუნდებია ავსტრალია და გერმანია, მაგრამ მათაც აქვთ სანერვიულო. პირველივე წუთიდან უნდა ვიბრძოლოთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში. ყველა თამაშს მოსაგებად ვთამაშობთ და წინ დიდი ბრძოლა გველოდება“.
გოგა ბითაძე: „ძალიან რთული იყო, ისტორია დავწერეთ, მსოფლიოში 16 საუკეთესო გუნდში ვართ, ეს არ არის პატარა მიღწევა, დავიმსახურეთ, მაგრამ უფრო მეტსაც ვიმსახურებთ და უნდა მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის. ამ შედეგში ძალიან დიდი შრომა დევს ყველას მხრიდან. მოვემზადებით, ყველაფერს გავაკეთებთ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, ამ ბიჭების მჯერა“.
კახა ჯინჭარაძე: „მინდა მივულოცო საქართველოს ეს გამარჯვება, მადლობა ყველა გულშემატკივარს. ყველა მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თავიდანვე ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. მესამე პერიოდში ცოტა კონცენტრაცია დავკარგეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში სოლიდური სხვაობით მოვიგეთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, ხოლო სლოვენიასთან წააგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს, გერმანიას და 3 სექტემბერს, ავსტრალიას შეხვდება.