საქართველოს ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა „ტორინოში“ გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მამამისის წყალობით ტურინულ კლუბში აღმოჩნდა. მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
„ბოლო დღეებში დრო ძალიან სწრაფად გავიდა, ორი დღის წინ მოსკოვის „დინამოში“ ვვარჯიშობდი, ახლა კი „ტორინოში“ ვარ. ბევრი შეთავაზება მქონდა, მამაჩემის მუშაობის წყალობით ვარ აქ და მიხარია, რომ აქ ვარ.
დაცვაში მიყვარს აგრესიული თამაში, მაგრამ არც ბურთის ფლობა მიჭირს. ყველა გულშემატკივარი მოედანზე ნახავს ჩემს თამაშს და მერე შემაფასებენ. გოლის გატანა ძალიან მომწონს, ვის არ მოსწონს? ცენტრალური მცველი ვარ და კუთხურები ჩემი საუკეთესო შანსია გოლის გასატანად, ღია თამაშიდან ამის შანსი არ მეძლევა. როდესაც იქნება შანსი, ვეცდები, გამოვიყენო და თანაგუნდელებთან ერთად გავიხარო.
რა თქმა უნდა მზად ვარ, ამიტომაც ვარ აქ, ვიცი, რომ იტალიური ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ცენტრალური მცველი ვარ და იტალიური ფეხბურთი საუკეთესო ადგილია ამ პოზიციაზე განვითარებისთვის.
კვარაცხელიასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მითამაშია და ის მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდ გუნდში თამაშობს, მაგრამ ჩვენც დიდი გუნდი ვართ და მოედანზე ვიბრძოლებთ.
15 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ მოსკოვის „დინამოშიც“ ამ ნომრით ვთამაშობდი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაისურზე გვარია, მაგრამ 15 ნამდვილად მომწონს. მივესალმები „ტორინოს“ გულშემატკივრებს, მოუთმენლად ველოდები მათთან შეხვედრას და მზად ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის“, - თქვა საზონოვმა.
საბა საზონოვი კახა კალაძის (მილანი, ჯენოა), ლევან მჭედლიძის (პალერმო, ემპოლი), ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლი), ლუკა ლოჩოშვილის (კრემონეზე) და გიორგი კვერნაძის (ფროზინონე) შემდეგ მე-6 ქართველია, რომელიც სერია A-ში ითამაშებს. კონკრეტულად მიმდინარე სეზონში სერია A-ში სამი ქართველი იქნება - კვარაცხელია, კვერნაძე და საზონოვი.
ზოგადად, იტალიურ კლუბებში 5 ქართველია, მათგან სამი ცენტრალური მცველია. ზემოხსენებული სამეულის გარდა, სერია B-ში ირჯებიან ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) და ივა გელაშვილი (სპეცია).
საბა საზონოვმა კარიერა „ზენიტში“ დაიწყო, თუმცა მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და 2021 წელს მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 44 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მას ჯერ მხოლოდ ორი თამაში აქვს ჩატარებული, ორივე ამხანაგური, მაროკოსა და მონღოლეთის ნაკრებებთან, ხოლო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ოთხ თამაშში 1 გოლი გაიტანა.
„ტორინოს“ სერია A-ში ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს, უახლოეს მატჩში კი, 3 სექტემბერს, „ჯენოას“ უმასპინძლებს. ტურინულ გუნდს ხორვატი ივან იურიჩი წვრთნის და 3 ცენტრალური მცველით თამაშობს. ძირითადი შემადგენლობის წევრებად ამ ეტაპზე ალესანდრო ბონჯორნო, პერ სხუურსი და რიკარდო როდრიგესი მიიჩნევიან.