ფეხბურთი

13:15 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ჩემთვის საამაყოა "აიაქსში" კიდევ ერთი ქართველი, მას სუარესს ვამსგავსებ"

ამსტერდამის „აიაქსის“ ვებგვერდზე შოთა არველაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ცხადია, გიორგი მიქაუტაძეზე საუბარს დაეთმო.

ნიდერლანდურმა გრანდმა გიორგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ვეტერანმა ქართველმაც თანამემამულეზე ილაპარაკა.

„მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ ქართველი „აიაქსში“ ისევ ითამაშებს. ძალიან კარგია, რომ კლუბმა მისი დამატება შეძლო და ჩემთვის პატივია, რომ ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი „აიაქსში“ ითამაშებს. ჩემი აზრით, „აიაქსი“ მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბშია. ის საფრანგეთში გაზრდილი ქართველია და მალე „იოჰან კრუიფ არენაზე“ დებიუტი ექნება. ეს საოცარია, ისტორიულია და ყველანი ვამაყობთ მისით.

გულშემატკივრებს ის უყვართ და ყოველთვის მხარს უჭერენ. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად საქართველოში ყველაზე გამორჩეული ტალანტია. მათ ეროვნულ ნაკრებში დიდი ეიფორია მოაქვთ და ხალხი ამაყობს იმით, რომ მათი ქვეყნის ფეხბურთელები დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ.

მას გოლების გატანა შეუძლია, რაც ფეხბურთში მთავარია. ეს აჩვენა სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ტურნირებზე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ტექნიკური და ნამდვილი პროფესიონალი, მან იცის, რისი გაკეთება შეუძლია და აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია.

ყოველთვის გოლის ძიებაშია, ის საჯარიმო მოედანზეა კონცენტრირებული, თავისი მიზანდასახულობით, სისწრაფით და ძალით ძალიან სახიფათოა, ძლიერი დარტყმა არ აქვს, მაგრამ სიზუსტით გამოირჩევა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით.

მიქაუტაძეს შეუძლია სხვადასხვა სისტემებსა და პოზიციებზე თამაში, ჟორჟი მრავალმხრივი თავდამსხმელია და შეუძლია, როგორც ფორვარდად, ისე ათიანზე თამაში. თუმცა, მე მას უფრო გოლის გამტან ფეხბურთელად აღვიქვამ, ვიდრე მეპასედ. „აიაქსმა“ იგი მეტოქის კართან, რაც შეიძლება ახლოს უნდა გამოიყენოს, სწორედ აქ არის სახიფათო, სტილით, ცოტათი, ლუის სუარესს ვამსგავსებ.

ჩემს ეპოქასთან შედარებით ფეხბურთი ძალიან განვითარდა, ფეხბურთელებს ყველაფერში ეხმარებიან, კვება, ენა და მატჩების ანალიზი. შედეგად, ის სწრაფად შეეგუება კლუბს და ეს კარგია, ის წარმატებას მიაღწევს“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შოთა არველაძე კი, ამსტერდამულ გუნდში 1997-2001 წლებში თამაშობდა (124 მატჩი, 72 გოლი).

0.102589