ფეხბურთი

10:25 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მე-5 ქართველი იტალიაში: "ტორინოში" საზონოვის კონტრაქტის პირობები და კომფორტული სქემა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი კარიერას „ტორინოში“ გააგრძელებს.

ეს ტრანსფერი გადაწყვეტილია, ცნობილია ყველა დეტალიც. „ტორინო“ „დინამოს“ 2.5 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე გადაუხდის, ხოლო საბასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელფასის სახით 21 წლის ფეხბურთელს სეზონში 250 000 ევრო და პლუს ბონუსები ერგება. ამასთან, შემდეგი ტრანსფერისგან, როდესაც „ტორინო“ მას სხვა კლუბში გაყიდის, მოსკოვის „დინამო“ თანხის 15% მიიღებს.

„ხარებს“ ხორვატი მწვრთნელი, ივან იურიჩი უდგას სათავეში, რომელიც ყოველთვის 3 ცენტრალური მცველით თამაშობს, რაც საზონოვისთვის კარგი უნდა იყოს, რადგან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც ამ სქემაში გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, გასულ სეზონში მოსკოვის „დინამოშიც“ 3-მცველიან ტაქტიკაში ირჯებოდა. „ტორინოს“ ძირითადი 3 ცენტრალური მცველი ამჟამად პერ სხუურსი, ალესანდრო ბონჯორნო და რიკარდო როდრიგესი არიან. პოზიციურად, მისი მთავარი კონკურენტი ბონჯორნო უნდა იყოს, თუმცა, მას ბერგამოს „ატალანტას“ უკავშირებენ და შეიძლება გუნდი დატოვოს.

„ტორინო“ სერია A-ში ორი ტურის შემდეგ მოუგებლად გამოდის და ერთადერთი ქულა აქვს. საინტერესოა, რომ იტალიაში 3 ქართველი ცენტრალური მცველი გვეყოლება, თუმცა, ორი სერია B-ს კლუბშია - ივა გელაშვილი „სპეციაში“ და ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“. სერია A-ში თამაშობენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი კვერნაძე, შესაბამისად, „ნაპოლისა“ და „ფროზინონეში“. ამრიგად, იტალიაში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა მატულობს.

საბა საზონოვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორჯერ აქვს ნათამაშები, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე კი ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მოსკოვის „დინამოში“ ოთხჯერ ითამაშა, თუმცა, ყოველთვის შეცვლაზე ჩაერთო თამაშში, ხოლო გასულ სეზონში 24 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.

0.113965