საუდი პრო ლიგაში „ალ-ნასრმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მიჯრით მეორე თამაში მოიგო დიდი ანგარიშით.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა „ალ-შაბაბი“ 4:0 გაანადგურეს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამჯერად დუბლი შეასრულა (წინა ტურში ჰეთ-თრიქი), მან ორივე გოლი პენალტით გაიტანა. სხვათა შორის, რონალდუმ ისევ გააკეთა საგოლე პასი და ისევ სადიო მანეზე. ისიც სათქმელია, რომ კრიშტიანუს ზედიზედ მეორედ ჰეთ-თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში პენალტი თანაგუნდელ აბდულრაჰმან ღარეებს დაუთმო, რათა მას სეზონში თავისი პირველი გოლი გაეტანა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა და პენალტი გააცუდა.
„ალ-ნასრი“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 სექტემბერს, „ალ-ჰაზემს“ უმასპინძლებს.
უდანაკარგოდ გამოდის „ალ-აჰლი“, რომელმაც „ალ-ტაე“ საკუთარ მოედანზე რიად მაჰრეზის და ფრანკ კესის გოლებით მშვიდად, 2:0 დაამარცხა. „ალ-აჰლი“ 12 ქულით ლიდერია „ალ-იტიჰადთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ალ-ფატეჰს“ ესტუმრება.