ფეხბურთი

11:10 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელია. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი 2028-წლამდე გააფორმა. „მეცმა“ 16 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. გიორგი „მეცის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდა. ის ამსტერდამელთა რიგებში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"აიაქსი" გიორგის ტრანსფერს სოციალურ ქსელში ქართულად გამოეხმაურა: "დილა მშვიდობისა". გარდა ამისა, გამოაქვეყნეს ვიდეო კოლაჟი შოთა არველაძის გოლებით და დაწერეს: "გიორგი, ჩვენი შემდეგი ქართველი".

„აიაქსში“ მან მოჰამედ კუდუსი უნდა შეცვალოს, რომელიც „ვესტ ჰემში“ გადავიდა. ნიდერლანდურ გრანდში თავის დროზე შოთა არველაძეს და გიორგი ქინქლაძეს აქვთ ნათამაშები. „აიაქსი“ ერედივიზიონში 2 მატჩში მოპოვებული 4 ქულით მეცხრე ადგილზეა, ამსტერდამელები მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე გამოდიან.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მას „მეცის“ მაისურით მთლიანობაში 44 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ბელგიურ „სერენში“ 57 მატჩში თავი 36 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 15 მატჩი და 4 გოლია.

0.113413