საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე როგორც ჩანს, კარიერას „აიაქსში“ გააგრძელებს.
ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშ-ტერი იტყობინება, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველი ფორვარდი დღეს კერძო თვითმფრინავით ამსტერდამში ჩავა, სადაც სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი, კონტრაქტს გააფორმებს.
ჯერ კიდევ უცნობია ფინანსური დეტალები და ხელშეკრულების პირობები, მაგრამ როგორც ჩანს, ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ „ლაციომ“ „მეცს“ 13 მილიონი ევრო და პლუს 2 მილიონი ბონუსად შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „აიაქსის“ წინადადება ბევრად უკეთესი უნდა იყოს.
„აიაქსში“ მან მოჰამედ კუდუსი უნდა შეცვალოს, რომელიც „ვესტ ჰემში“ გადავიდა. ნიდერლანდურ გრანდში თავის დროზე შოთა არველაძეს და გიორგი ქინქლაძეს აქვთ ნათამაშები. „აიაქსი“ ერედივიზიონში 2 მატჩში მოპოვებული 4 ქულით მეცხრე ადგილზეა, ამსტერდამელები მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე გამოდიან.
Le10Sport-ი წერს, რომ „მეცს“ ოფიციალური შეთავაზება „ლიონმა“, „რენმა“, „აიაქსმა“, „შეფილდ იუნაიტედმა“ და „ლაციომ“ გაუგზავნეს, ქართველმა ფეხბურთელმა კი, „აიაქსი“ აირჩია. ეს გამოცემა ტრანსფერის ფასსაც ასახელებს - 20 მილიონი ევრო, რითაც ის „მეცის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება. საინტერესოა, რომ „რენი“ „მეცს“ გიორგის შეძენას და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „მეცში“ დატოვებას სთავაზობდა, თუმცა, ქართველმა ნიდერლანდებში გადასვლა ამჯობინა, „აიაქსი“ კი მას საფრანგეთში იჯარით არ დატოვებს, შესაბამისად, ამსტერდამულ გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მას „მეცის“ მაისურით მთლიანობაში 44 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ბელგიურ „სერენში“ 57 მატჩში თავი 36 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 15 მატჩი და 4 გოლია.