საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგა გრძელდება.
ნიდერლანდური პრესა წერდა, რომ 22 წლის შემტევი „აიაქსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ბრიტანული მედია იტყობინება, რომ გიორგით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული - „ტოტენჰემი“, „ვესტ ჰემი“ და „ლესტერ სიტი“.
Football Insider-ის ცნობით, მიქაუტაძის დასაკვირვებლად „კლერმონთან“ შეხვედრას ზემოხსენებული სამივე კლუბის სკაუტები დაესწრნენ. „ლესტერი“ სავარაუდოდ, დაკარგავს პატსონ დაკას და კელეჩი იენაჩოს, შესაბამისად, მათ შემცვლელებს ეძებს. თუმცა, რამდენად დათანხმდება ქართველი ჩემპიონშიფში თამაშს, სხვა საკითხია.
„ვესტ ჰემს“ მიქაუტაძეც აქამდეც უკავშირებდნენ. „ჩაქუჩები“ ჯანლუკა სკამაკას შემცვლელს ეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოჰამედ კუდუსი უკვე დაიმატეს. „ტოტენჰემს“ კი ჰარი კეინის შემცვლელი სჭირდება, რომელიც „დეზებს“ ამ დრომდე არ უყიდიათ და მხოლოდ რიშარლისონის იმედად არიან დარჩენილი.
ფაქტია, რომ მიქაუტაძის სატრანსფერო საგა ძალიან გაიწელა და სიტუაცია ძალიან დამღლელი გახდა... მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა.