კალათბურთი

14:40 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ დომინიკის რესპუბლიკასთან წააგო, გერმანიამ ავსტრალიას აჯობა

საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე სტარტი მეორე ტურმა აიღო. იტალიის ნაკრებმა დომინიკის რესპუბლიკასთან წააგო და ჯგუფიდან გასვლის საკითხი გაირთულა.

იტალიელებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ მესამე პერიოდი პირწმინდად დათმეს, რაც საბოლოოდ, მარცხის ფასად დაუჯდათ - 82:87.

საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო, რომელმაც 24 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. იტალიელთა შორის 17 ქულით, 5 მოხსნით და 4 პასით მარკო სპისუ გამოირჩა. დომინიკის რესპუბლიკას 2 მოგება აქვს, იტალიას 1 მოგება და 1 წაგება. ბოლო ტურში ჯანმარკო პოცეკოს გუნდს მასპინძელ ფილიპინებთან გამარჯვება სჭირდება, რაც იოლი ამოცანა არ იქნება.

ძალზე დრამატული და გამორჩეული მატჩი შედგა გერმანიისა და ავსტრალიას შორის, რომელიც ევროპელებმა 85:82 მოიგეს. მთელი თამაში ქულა-ქულაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ალემანებმა 23:16 იმძლავრეს, რაც მოსაგებად საკმარისი იყო.

დიდებული იყო დენის შრიოდერი, რომელმაც 30 ქულა და 8 პასი დააგროვა. ავსტრალიელებს კი პატი მილსმა 21 ქულით, 5 მოხსნით და 6 პასით ვერ უშველა. ავსტრალიას 1 მოგების წილ 1 მარცხი აქვს, გერმანიამ ორივე შეხვედრა მოიგო.

მონტენეგროს ნაკრებმაც ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და ეგვიპტის ძლევა არ გასჭირვებია - 89:74. საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 16 ქულით და 7 მოხსნით. თუ მონტენეგროს 2 მოგება აქვს, აფრიკელებმა ორივე ტურში მარცხი განიცადეს.

0.122008