საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს, 26 აგვისტოს, 23-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. „სამტრედიამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.
საინტერესოა, რომ მე-7 წუთზე მასპინძელმა თორნიკე ახვლედიანმა პენალტი ვერ გაიტანა.
ახლა „საბურთალოს“ 23 თამაშის შემდეგ 42 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დგას. 13-ქულიანი „სამტრედია“ კი ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.
გუშინ „თელავმა“ და თბილისის „დინამომ“ ასევე ფრედ - 2:2 ითამაშეს. გორის „დილამ“ კი აუტსაიდერ „შუქურას“ 5:1 მოუგო.
ხვალ, 27 აგვისტოს, ტურის ორი დარჩენილი შეხვედრა გაიმართება, იმერულ დერბიში „სამგურალი“ „ტორპედოს“ დაუხვდება, „გაგრა“ კი - „ბათუმს.“