ფეხბურთი

10:24 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფრანგული კლუბი მიქაუტაძის შეძენას ცდილობს და "მეცს" ერთნაირი შეთავაზება წარუდგინეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში რჩება. როგორც ფრანგული გუნდის ხელმძღვანელები ბოლო დღეებში საჯაროდ ამბობდნენ, ის სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს.

Le10sport-ი კი, იტყობინება, რომ „მეცს“ 20 მილიონ ევროს „ლიონი“ და „რენი“ სთავაზობენ. „ლომები“ ბრედლი ბარკოლას „პარი სენ-ჟერმენში“ ყიდიან და მისი შემცვლელი სჭირდებათ, ხოლო „რენმა“ ცოტა ხნის წინ ჟერემი დოკუს გაყიდვით ბიუჯეტი 60 მილიონით შეავსო, შესაბამისად, ტრანსფერისთვის საკმარისი ფული აქვს. აი, რას წერს ფრანგული გამოცემა:

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო სპრინტში ლიგა 1-ის კლუბები ცდილობენ საუკეთესო გარიგებები განახორციელონ. ერთ-ერთია ლიონის „ოლიმპიკი“, რომელსაც აშკარად სჭირდება შემადგენლობის გაფართოება, რათა სეზონის წარუმატებელი დასაწყისი გამოასწოროს. ორი თამაში, ორი წაგება. ლორან ბლანის „ლიონისთვის“ სეზონის უარესად დაწყება შეუძლებელი იქნებოდა. მწვრთნელი კი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გაძლიერებას ითხოვს. მით უმეტეს, რომ კლუბმა შეიძლება ბრედლი ბარკოლა დაკარგოს, რომელიც პსჟ-სთან ძალიან ახლოსაა.

ბრედლი ბარკოლას წასვლის გათვალისწინებით, რაც უფრო და უფრო სავარაუდოა პსჟ-სთან რეგულარული კონტაქტის გათვალისწინებით, „ლიონი“ მის შესაცვლელად მიზნად ისახავს ლიგა 1-ის ტალანტს. ეს ფეხბურთელი სხვა არავინაა, თუ არა ლიონის რეგიონის მკვიდრი და კლუბის ყოფილი მოთამაშე, ჟორჟ მიქაუტაძე! ჩვენი წყაროები ადასტურებენ, რომ „ლიონმა“ „მეცს“ შეთავაზება გაუგზავნა, თითქმის 20 მილიონ ევრომდე, მესინის კლუბის სასურველი თანხის ოდენობა.

გიორგი მიქაუტაძის მიმართ „ლიონის“ ინტერესი Le10Sport-მა 1 ივნისს გამოავლინა, მაგრამ ორი თვე ლიონელებმა თითიც არ გაანძრიეს, ისევე, როგორც „მარსელმა“, სადაც პაბლო ლონგორიას ფეხბურთელზე ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ შეთავაზების გაგზავნის გარეშე. სამაგიეროდ, ამ პერიოდში საზღვარგარეთიდან ორმა კლუბმა გააკეთა შეთავაზება: „შეფილდ იუნაიტედმა“ 18 მილიონი ევრო და რომის „ლაციომ“ თითქმის 15 მილიონი. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის გარემოცვას „ვესტ ჰემიც“ ესაუბრა.

ამიტომ, „ლიონმა“ უკეთესი შეთავაზება გააკეთა, ვიდრე „შეფილდმა“, თითქმის 20 მილიონი ევრო, თუმცა არ არის ერთადერთი, რომელიც ასე მოიქცა! ლიგა 1-დან „რენმაც“ მიიღო ფინანსური თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მსგავსი შეთავაზების წარსადგენად. ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ „რენში“ ჟორჟ მიქაუტაძეს ნამდვილად მიიჩნევენ მომავლისთვის დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელად. ეს შეთავაზება ძლიერ ინტერესს გამოხატავს. ჯერ კიდევ გასარკვევია, დათანხმდება თუ არა, შეთავაზებას „მეცი“, რომელიც თვეების განმავლობაში 20 მილიონ ევროს ითხოვს და ფრანგულ კლუბში გაუშვებს თუ არა, თავის ტალანტს. და თუ ასე იქნება, უცნობია, რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას ლიონში დაბადებული და „ოლიმპიკის“ ახალგაზრდულ სექტორებში გავლილი მიქაუტაძე“, - წერს Le10Sport-ი.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სატრანსფერო ფანჯარა საფრანგეთში 31 აგვისტოს იხურება, მანამდე შეიძლება ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდში გადავიდეს. მას „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114961