რაგბი

1:21 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შოტლანდიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთეს.

ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი თამაში, რომელსაც „ბორჯღალოსნები“ ჩაატარებენ.

ლევან მაისაშვილი: „შოტლანდიის ნაკრებს ჩემი შეფასებები არ სჭირდება, ნახეთ, როგორი მატჩები ჩაატარა. აბსოლუტურად დაბალანსებული, მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეებით და სამწვრთნელო შტაბით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენთვის დიდი გამოწვევა და დაფასებაა, რადგან საუკეთესო მოთამაშეებით გვეთამაშებიან. მახსოვს, ბოლოს 2020 წელს აქ რომ ვითამაშეთ, ეს ტრიბუნა ცარიელი იყო, უჩვეულოდ დადუმებული იყო მარიფილდი. მოუთმენლად ველოდებით ამ თამაშს, როდესაც ეს სტადიონი სრულად გაივსება და ისეთი ემოცია, ატმოსფეროა, რომ ნებისმიერ ადამიანი ინატრებდა ჩვენს ადგილას დგომას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ვნახოთ, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა“.

მერაბ შარიქაძე: „შოტლანდია ჩვენთან თამაშს ნამდვილად მომზადებული ხვდება, ფანტასტიკურად თამაშობენ, საფრანგეთს ერთი თამაში მოუგეს, მეორე ძალიან მცირე სხვაობით წააგეს. ზოგადად, კარგად გამოიყურებიან არაერთი წელია. ჩვენც კარგ ფორმაში ვართ, ძალიან დასამახსოვრებელი 2022 წელი გვქონდა, 2023 წელსაც მოვახერხეთ ბევრი თამაშის მოგება, მაგრამ ისეთ ძლიერ გუნდთან წელს არ გვითამაშია, როგორიც შოტლანდიაა და სწორედ ეს არის ამ მატჩის მთელი შინაარსი, რადგან გამოვცდით საკუთარ თავს, გავიგებთ სად ვართ და თუ რაიმე პრობლემაა, ჯობია ახლა იჩინოს თავი, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩი 26 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.116186