ფეხბურთი

0:46 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გუგეშაშვილის კარგი მატჩი, კანკავას მოგება და ქვილითაიას მარცხი ყოფილ გუნდთან

ევროპისა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩები გაიმართა, რომელშიც ქართული კლუბები არ მონაწილეობენ. თუმცა, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის კლუბმა ითამაშა.

ევროპა ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანმა“ კვიპროსულ „არისს“ 2:1 აჯობა, რითაც საპასუხო მატჩის მცირე, მაგრამ უპირატესობა მოიპოვა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. გურამ კაშია სათადარიგო სკამზე დარჩა, ვლადიმირ ვაისმა ამჯერად საქართველოს ნაკრების კაპიტანს თამაშის შესაძლებლობა არ მისცა.

აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპა ლიგის ჯგუფისკენ, რადგან ლუბლიანას „ოლიმპიას“ სტუმრად 2:0 მოუგო. „ყარაბაღის“ კარს 90 წუთი იცავდა ლუკა გუგეშაშვილი, რომელმაც თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 8 ქულა. ლუკამ 5 დარტყმა მოიგერია და კარიც მშრალად შეინახა, შესაბამისად, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ნიქოზიის „აპოელი“, რომელმაც წინა ეტაპზე გორის „დილას“ აჯობა, ბელგიურ „გენტთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა და ჯგუფში გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე 72-ე წუთამდე იყო. კვიპროსელებმა გოლები 77-ე და 92-ე წუთებზე გაუშვეს და სიტუაცია დაიმძიმეს.

ევროპისა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ზუსტად ერთად კვირაში გაიმართება და ჯგუფური ტურნირის ყველა მონაწილე გაირკვევა.

0.140748