რაგბი

21:20 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ბრიტანეთის დამარცხებამდე

შეიარაღებული ძალების მეოთხე მსოფლიო თასის მეორე მატჩში, ქართულმა ჯარმა დიდი ბრიტანეთის არმიის გუნდს პირველი ტაიმი 14-3 მოუგო, თუმცა საბოლოოდ მატჩი 21-24 დათმო და მცირე სხვაობისთვის ბონუს-ქულას დასჯერდა.

პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა და მეტოქის ერთ ჯარიმას ორი გარდასახული ლელოთი უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში დისციპლინის მხრივ პრობლემები შეგვექმნა, მოედანზე კაცნაკლული დავრჩით და ბრიტანელებმა ორი ლელო, ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანეს, რისი წყალობითაც 24-14 დაწინაურდნენ. შეხვედრის მიწურულს საქართველომ კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალა, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო ბოლო შედეგიანი შეტევისთვის დრო აღარ ეყო – 21-24.

ქართული ჯარიდან ლელოები გელა მახარაშვილმა, საბა ილურიძემ და გიგა კაციტაძემ მიითვალეს, გარდასახვები კი დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართული ჯარი 27 აგვისტოს ლე რუში, „სტად დე ბეუფრუზე“ ტონგას წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველომ ესპანეთს 87:0 მოუგო. ტონგა პირველ ტურში დიდ ბრიტანეთთან 14-43 დამარცხდა, გუშინ კი ესპანეთს 49-5 სძლია.

ტონგასთან დიდი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ჯგუფში საუკეთესო მეორეადგილოსანი და თასის ნახევარფინალში ითამაშოს. შეგახსენებთ, შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასზე 12 გუნდი თამაშობს, რომლებიც სამ ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, მეორე ოთხეული V-VIII, ხოლო ბოლო ოთხეული IX-XII ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას.

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი საფრანგეთი. 23 აგვისტო საქართველო – დიდი ბრიტანეთი 21:24 (14:3) საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. სანდრო ნახუცრიშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გელა მახარაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. ვანო ბერიკაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი მჭედლიშვილი, 8. თორნიკე ზოიძე.

მარქაფა: 16. დიმიტრი ცაბაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. გიგა კაციტაძე, 20. თენგო გიგოლაშვილი, 21. ირაკლი ხაბულიანი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. გიორგი გელაშვილი.

RUGBY.GE

0.126423