კალათბურთი

21:20 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ოკინავა არენაზე პირველად ივარჯიშა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ “ოკინავა არენაზე” პირველად ივარჯიშა. დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ვარჯიშები დაიწყო და ტურნირის მონაწილე გუნდებს იმ ფიცარნაგის მოთელვა მოუხდათ, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ითამაშებენ. არენა ულტრათანამედროვეა. იაპონიაში სხვანაირი არც შეიძლება ყოფილიყო. დარბაზში მსოფლიოს მთავარი საკალათბურთო მოვლენისთვის სამზადისი ბოლო ფაზაშია. 25 აგვისტოსთვის ყველაფერი მზად იქნება და მუნდიალიც ოფიციალურად გაიხსნება.

ოკინავა არენაზე ჩვენმა ნაკრებმა დღეს 3 საათზე მეტი გაატარა. თავდაპირველად იყო ფოტო და ვიდეო სესია, შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიში, რის შემდეგაც, ილიას ზუროსის გუნდმა სათამაშო არენაზე გადაინაცვლა. ვარჯიში არ ყოფილა დატვირთული. ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა მოთამაშეებს განტვირთვის საშუალება მისცეს. ვარჯიში ძირითადად უკონტაქტო იყო და უმეტესწილად მოთამაშეები ფარში სროლებით შემოიფარგლნენ. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბი კომბინაციებს გვერდს ვერ აუვლიდა და ნახევარ მოედანზე რამდენიმე დაცვითი და შეტევითი დიაგრამა დაიტესტა.

ხვალ, 24 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ერთ ვარჯიშს გამართავს, რომელიც ადგილობრივი დროით 14:15 საათზე დაიწყება. დილის 10-ის ნახევარზე კი მთავარი მწვრთნელი – ილიას ზუროსი და კაპიტანი – თორნიკე შენგელია ფიბა-სგან სავალდებულო წინასატურნირო პრესკონფერენციას ოკინავა არენაზე გამართავენ.

0.113731