ფეხბურთი

22:13 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ივა გელაშვილი "სპეციას" ფეხბურთელია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას „სპეციაში“ გააგრძელებს. იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელი ლიგურიელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, ხოლო „სპეცია“ სერია A-ში თუ გადავა, ეს გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

ივა გელაშვილმა კარიერა პრაღის „სპარტაში“ დაიწყო და საქართველოსთან ერთად ჩეხეთის მოქალაქეცაა. ის ეროვნულ ლიგაში ჯერ „სიონში“ გამოდიოდა, 2023 წლიდან კი „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, სადაც „დინამო ბათუმს“ ჰყავდა განათხოვრებული. ეროვნულ ნაკრებში მას არასდროს უთამაშია, მაგრამ 21-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე 4 თამაში ჩაატარა, თანაც თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინა.

ასე რომ, გელაშვილი მეოთხე ქართველია ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლი), გიორგი კვერნაძის (ფროზინონე) და ლუკა ლოჩოშვილის (კრემონეზე) შემდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონს იტალიაში გაატარებს.

„სპეცია“ ბოლო 3 სეზონი სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ გასულ სეზონში პლეი-აუტში „ვერონასთან“ წააგო და დაქვეითდა, შესაბამისად, მიმდინარე სეზონს სერია B-ში ატარებს, რომლის პირველ ტურში „სუდტიროლს“ სტუმრად დაუზავდა (3:3), ხოლო მეორე ტურში 30 აგვისტოს, სტუმრად „კატანძაროს“ შეხვდება.

სხვათა შორის, „სპეციას“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინია, რომელიც გასული სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზეს“ ედგა სათავეში და ლუკა ლოჩოშვილს მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა.

0.112551