ფეხბურთი

20:45 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„გარეჯი“ უმაღლეს ლიგას უახლოვდება

დღეს გაიმართა „კრისტალბეთ-ლიგა 2-ის“ 23-ე ტურის მატჩები. ცენტრალური შეხვედრა შედგა საგარეჯოში, სადაც ადგილობრივმა „გარეჯმა“, რომელიც გათამაშების ლიდერია, „სპაერს“ უმასპინძლა. ამ მატჩამდე, „სპაერი“ მასპინძლებს სატურნირო ცხრილში 5 ქულით ჩამორჩებოდა, და ცხადია, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების მოპოვება.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 22-ე წუთზე მასპინძლები პაპუნა ფოიავას გოლით დაწინაურდნენ. 42-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცათ, მაგრამ კობა ქებურიამ ვერ გამოიყენა „გარეჯის“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი. ვიდრე მატჩის არბიტრი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, ბექა გაბისკირიამ იყოჩაღა და მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ.

შესვენების შემდეგ, სტუმრები აქტიურობდნენ. 57-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. სამ წუთში კი „სპაერმა“ საბა გეგიაძის გოლით გაათანაბრა ანგარიში - 2:2.

79-ე წუთზე, ბექა გაბისკირიას პასით, გიორგი ხარებაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა „სპაერის“ კარში - 3:2.

ამრიგად, „გარეჯმა“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უმაღლესი ლიგისკენ. კახურ გუნდს 23 შეხვედრიდან 51 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

მომდევნო ტურში, 29 აგვისტოს, „გარეჯი“ სტუმრად ეთამაშება „ლოკომოტივს“. რომელიც სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115359