ფეხბურთი

18:12 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ "მეცში" ბოლოჯერ ითამაშა? ფრანგული მედია ტრანსფერს ვარაუდობს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე რჩება, გიორგი მიქაუტაძის მომავალი კი ისევ გაურკვეველია. უფრო მოსალოდნელია, რომ ის „მეცს“ დატოვებს, ვიდრე - დარჩება.

მიქაუტაძის შესაძლო წასვლაზე „მარსელთან“ მატჩის შემდეგ ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ საჯაროდ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამის დიდი შანსია.

Le10Sport-ი კი ვარაუდობს, რომ „მარსელთან“ „მეცში“ მიქაუტაძემ ბოლო თამაში ჩაატარა. გიორგის არაერთ გუნდს უკავშირებენ, რომელთა ხსენება უფრო მარჩიელობას ჰგავს, თუმცა, ზემოხსენებული წყაროს თანახმად, „მარსელში“ თავდამსხმელის დამატებაზე კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე თანხმობა გასცა, მას მერე, რაც ჯენგიზ იუნდერი გაასხვისეს. „ოლიმპიკი“ გიორგით ისედაც დაინტერესებული იყო. ისევ არ არის დავიწყებული „ლიონის“ ვარიანტი, რომელმაც სეზონი უმძიმესად დაიწყო და გაძლიერება სჭირდება. ფრანგული გამოცემა არ გამორიცხავს მიქაუტაძის საფრანგეთიდან წასვლასაც, ყველაზე მეტი კი - ინგლისის პრემიერლიგაში.

ცნობილია, რომ „მეცი“ მიქაუტაძეში 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ლიგა 1-ის საწყის ორ ტურში გოლისა და საგოლე პასის შემდეგ შესაძლოა, მათი მოთხოვნა გაიზარდოს კიდეც.

22 წლის ქართველი თავდამსხმელი, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, „მეცს“ კონტრაქტით 2026 წლამდე ეკუთვნის. თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირაში ახალ გუნდში ვიხილოთ. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

0.113441