უეფამ უარყო ინფორმაცია საუდის არაბეთის ჩემპიონის ჩემპიონთა ლიგაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ - გვამცნობს Foot Mercato.
მანამდე იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უეფასთან, რათა საუდურმა კლუბებმა 2025 წლიდან ჩემპიონთა ლიგაში მიიღონ მონაწილეობა.
არაბების იდეა საუდური გუნდების ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში ჩართვაა, რომელიც 2025 წლისთვის მთლიანად შეიცვლება. მონაწილეთა რაოდენობა 36-მდე გაიზრდება და ყველა კლუბისთვის ერთიანი ჯგუფი შეიქმნება.
უეფას ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, რადგან საუდის არაბეთის კლუბის ჩართვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კარგ ურთიერთობას აზიის ფეხბურთის კონფედერაციასთან.
ეს იდეა არ მოეწონა უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინსაც, რომელიც მანამდე აკრიტიკებდა საუდის არაბეთის სტრატეგიას ევროპაში ფეხბურთელების მასობრივი შესყიდვების გამო.