იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი კარლო მაცონე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
მისი სიცოცხლე 86 წლის ასაკში დასრულდა. კარლო მაცონემ არაერთ გუნდში იმუშავა.
მან სამწვრთნელო კარიერა 1968 წელს „ასკოლიში“ დაიწყო, სადაც 7 წელი იმუშავა. შემდეგ იყო „ფიორენტინაში“, „კატანძაროში“, „ასკოლიში“, „ლეჩეში“, „პესკარაში“, „კალიარიში“, „რომაში“, „ნაპოლიში“, „ბოლონიაში“, „პერუჯაში“, „ბრეშასა“ და „ლივორნოში“. სამწვრთნელო კარიერა სწორედ ამ გუნდში 2006 წელს დაასრულა.
მაცონეს სახელს უკავშირდება 2000 წლის ზაფხულში მოკრძალებულ „ბრეშაში“ ლეგენდარული რობერტო ბაჯოს ტრანსფერი. მიუხედავად ხანგრძლივი და კარგი კარიერისა, მაცონე ტიტულებით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა. ერთადერთი ტიტული მან 1998 წელს „ბოლონიას“ მოაგებინა - ინტერტოტოს თასი.
კარლო მაცონეს საინტერესო რეკორდი ეკუთვნის: სერია A-ში მასზე მეტი მატჩი მწვრთნელის რანგში არავის ჩაუტარებია - 792.