„სპეციას“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ივა გელაშვილის სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ჯერ გარიგება ოფიციალური არ არის და სიტუაციის განვითარებას ელოდება.
„არ ვიცი, ოფიციალურად უკვე შედგა თუ არა, ეს ტრანსფერი, ამ დღეებში მხოლოდ თამაშის შესახებ ვფიქრობ. ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება, ფაქტია, რომ ამ პოზიციაზე ვიღაც გვჭირდება, შევაფასებთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა ალვინიმ „სუდტიროლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. როგორც ცნობილია, გამოსყიდვის შემთხვევაში ივას იტალიელები 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ივა გელაშვილმა კარიერა პრაღის „სპარტაში“ დაიწყო და საქართველოსთან ერთად ჩეხეთის მოქალაქეცაა. ის ეროვნულ ლიგაში ჯერ „სიონში“ გამოდიოდა, 2023 წლიდან კი „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, სადაც „დინამო ბათუმს“ ჰყავდა განათხოვრებული. ეროვნულ ნაკრებში მას არასდროს უთამაშია, მაგრამ 21-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე 4 თამაში ჩაატარა, თანაც თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინა.