„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფროზინონესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანებაზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი დისკომფორტს განიცდის და ამიტომ არ გარისკეს. წესით, ხვიჩა მეორე ტურისთვის მზად იქნება.
„მხოლოდ წინდახედულობა და სიფრთხილე გამოვიჩინეთ. ახლა არ მახსოვს ზუსტად რომელ, მაგრამ მცირე დაზიანება ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რის გამოც რამდენიმე ვარჯიში და ტესტ-მატჩი გამოტოვა. ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ის რაღაცას გრძნობს, დისკომფორტს, როგორც თვითონ ამბობს ინგლისურად. ამიტომ, პირველ მატჩს გამოტოვებს. არ გავრისკეთ და ორშაბათიდან ან სამშაბათიდან, როდესაც ვარჯიშს განვაახლებთ, დაგვიბრუნდება.
ვინ ითამაშებს კვარაცხელიას ადგილას? ჩემი აზრით, მარცხნივ კარგად თამაში ლოზანოსაც შეუძლია, მაგრამ ელმასს და რასპადორისაც. შევაფასებთ სიტუაციას, არ ვიცი, რომელ პოზიციაზე, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მაქვს გადაწყვეტილი, რომ რასპადორი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ვფიქრობ, „ნაპოლი“ ფავორიტთა შორისაა, მაგრამ ერთადერთი ფავორიტი არ არის. რამდენიმე გუნდი გაძლიერდა, ახალი სეზონია და ყველა თანაბარ პირობებში ვიწყებთ. კიმის გარდა, რომელიც ნატანმა შეცვალა, შემადგენლობა თითქმის უცვლელი დარჩა, მაგრამ ცოტა სიახლე დავამატეთ, მაგალითად, ნახევარდაცვაში კაიუსტეს მოსვლით. მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას. ვიცით, რომ რთულ მეტოქეს ვეთამაშებით, რომელიც სერია B-დან გადმოვიდა შესანიშნავი სეზონის შედეგად და მათ დიდი მოტივაცია ექნებათ“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს. თუ ტრავმა არ გართულდა, ხვიჩამ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი 27 აგვისტოს, „სტადიო მარადონაზე“ „სასუოლოსთან“ უნდა ჩაატაროს.