ფეხბურთი

18:03 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პატარა "ჯვაროსნებმა" პროგრამა მინიმუმი შეასრულეს

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი 3:1 დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძნობს.

გიორგი დევდარიანის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. ანგარიში მე-19 წუთზე რუსთავის მეტალურგის ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის გოლით წყალობით გახსნა. შესვენების შემდეგ 67-ე წუთზე ესპანური "ლევანტეს" ფეხბურთელმა ლადო მოხევიშვილმა ქართველთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ხუთ წუთშივე კვიპროსელებმა კაციატის გოლის წყალობით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. 83-ე წუთზე ბელგიური "გენკის" თავდამსხმელმა ლუკა ზარანდიამ პენალტის ზუსტი შესრულებით მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 19-წლამდელებს წინ მნიშვნელოვანი მატჩი ელით. ორშაბათს 13 ოქტომბერს პატარა "ჯვაროსნები" რუმინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა "მიხეილ მესხზე" გაიმართება და მოგების შემთხვევაში ქართველები ყოველგვარი პრობლემის გარეშე ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებენ.

0.126924