ფეხბურთი

20:34 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "არსად გავქცეულვარ და არავინ მომიკლავს, გადადგომის მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტია"

რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრები საუდის არაბეთში სამუშაოდ წასვლის გამო არ დაუტოვებია. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა გახდა, რომელმაც მას სამწვრთნელო შტაბის წევრები შეუცვალა.

გრავინამ იტალიის ნაკრების შტაბიდან ევანი, ნუჩარი და ლომბარდო დაითხოვა, ხოლო მათ ნაცვლად ბოლინი, ბარძალი და გალიარდი დააწინაურა, რაც მანჩინისთვის მიუღებელი გამოდგა.

„არსად გავქცეულვარ, არავინ მომიკლავს. ვიმსახურებ პატივისცემას და არა იმ ტალახს, რომელსაც მესვრიან. საუდის არაბეთის ნაკრები? ამას ჩემს გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს, აბსოლუტურად არაფერი!

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის მქონდა შემოთავაზებები, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენის შემდეგაც. მწვრთნელი ვარ და როგორც კი, შეთავაზება მომეწონება, მივიღებ, მაგრამ ნაკრებიდან წასვლის მიზეზი რა თქმა უნდა, ეს არ არის, თორემ ამას უფრო ადრე გავაკეთებდი. ამ დროისთვის კონკრეტული არაფერია, მწვრთნელი ვარ და მუშაობის გაგრძელებს სხვაგან ვაპირებ.

არაფერი დამიშავებია, რომ ასეთი კრიტიკა მიმეღო. უბრალოდ თანამდებობა დავტოვე და ვთქვი, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო. გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღე. არ ვმალავ, რომ პრეზიდენტ გრავინას ვესაუბრე და ვეცადე ჩემი მიზეზები ამეხსნა. ნაკრები მატჩებამდე 25 დღით ადრე დავტოვე და არა სამი დღით ადრე, ვფიქრობ, წლების განმავლობაში ყოველთვის სამართლიანი ვიყავი.

რამდენჯერმე ვცადე გრავინასთან დალაპარაკება. ავუხსენი, რომ ბოლო თვეებში მშვიდად მუშაობა მჭირდებოდა, მან ასეთი სიტუაცია ვერ შემიქმნა და გადავდექი. გინახავთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი მთავარი მწვრთნელის შტაბს ცვლის? გრიავინას ერთი წელია სურდა რევოლუციის მოხდენა, მას შეეძლო შტაბში რამდენიმე კაცის დამატება, მაგრამ არ ჰქონდა უფლება, რომ ჩემი სტაფის წევრები გუნდიდან გაეშვა, რომელიც კარგად მუშაობდა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ეს მე ვარ, ვისაც შეეძლო შტაბის რომელიმე წევრის შეცვლა. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი გრავინა ვიალის შემცვლელად ბუფონს აირჩევდა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ჯანლუიჯის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისევე, როგორც ბარძალის, რადგან ჩემთვის შტაბის ინტეგრაცია კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ მწვრთნელის პერსონალს ეხებიან, ეს გუნდისადმი ნდობის ნაკლებობას ნიშნავს.

გუნდში დარჩენის სურვილი აღარ მქონდა, თვეების განმავლობაში იყო ეს სიტუაცია და გადადგომაზე ვფიქრობდი, მაგრამ გრავინა დაამახსოვრდებათ, როგორც ევროპის ჩემპიონატის მომგები პრეზიდენტი და არა დაშვებული შეცდომებით.

ბოლო თვეებში მშვიდად მუშაობას ვითხოვდი, მაგრამ გასაგები გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თუ გავიდოდით, გამათავისუფლებდა. ეს იყო წარმოუდგენელი 5 წელი, მოგებული ევროპის ჩემპიონატი ჩემი საუკეთესო მოგონება იქნება. მომავალი? ახლა არაფერზე ფიქრი არ მინდა. წარმატებებს ვუსურვებ ლუჩანოს, თუ მას დანიშნავენ, იტალიას მასთან ერთად საუკეთესო მომავალი ექნება. ეს არის პოსტი, რომელსაც განსაკუთრებული ემოციები მოაქვს და დარწმუნებული ვარ, კარგად იმუშავებს“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წლის მაისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურამ“ დაამყარა მსოფლიო რეკორდი წაუგებელი მატჩების რაოდენობით (ზედიზედ 37 მატჩი მარცხის გარეშე 2018-2021 წლებში). ასევე 2021 წელს იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ისტორიაში მეორედ, ხოლო იმავე წელს და 2023 წელს ერთა ლიგაზე გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. თუმცა, ევროტრიუმფის შემდეგ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც მანჩინის კრიტიკოსთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მისი ხელმძღვანელობით იტალიამ 61 მატჩიდან 37-ჯერ იმარჯვა, 15-ჯერ ფრეს დასჯერდა და 9 თამაში წააგო. რობერტო მანჩინის სამწვრთნელო კარიერაში „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „ზენიტში“, „გალათასარაისა“ და „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდა.

0.112389